ევროსაბჭოს მინისტერიალი

რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით ევროსაბჭოს მინისტერიალი, შესაძლოა, თბილისში არ ჩატარდეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელიც 14-15 მაისსაა დაგეგმილი, შესაძლოა, თბილისში არ ჩატარდეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ჟენევაში ქართულ მედიასთან ისაუბრა. 

ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისში ჩატარების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, მას რუსეთის დელეგაციის მანდატით ის ადამიანები დაესწროს, რომლებსაც საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული. 

"ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ძალიან დიდი მოლოდინი არის და განვმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული ხვალ სტრასბურგში,"- ამბობს ზალკალიანი. 

28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს.

თუმცა, ოკუპაციის კანონის დამრღვევი პირების ქვეყანაში შემოშვება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის არდაწყება, ერთი მხრივ, მთავრობის, მეორე მხრივ კი - პროკურატურის დისკრეციაა, მაგრამ ამავდროულად, მთავრობაც და პროკურატურაც ვალდებულია, დაასაბუთოს საჯარო ინტერესის არსებობა.

კომენტარები