საარჩევნო სისტემა

ბოკერია "ოცნების" შეთავაზებაზე: უნდა იყოს გონივრული კომპრომისი, ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქართული ოცნების შეთავაზებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ჯერ კონკრეტული შედეგი არ მიღწეულა.

ეს განცხადება ბოკერიამ გერმანიის ელჩთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც, ქართული ოცნების მტკიცებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ახალ იდეებზე იმსჯელეს, რომელიც, შესაძლოა, შეთანხმების საფუძველი გახდეს.

"ყველამ იცის, როგორია ჩვენი პოზიცია, განმუხტვას სჭირდება ორი რამ: ერთი არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, მეორე არის - გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. თუ ეს მოხდება, მე ვთვლი, რომ მთელი ოპოზიცია არის მოწადინებული, რომ განიმუხტოს ვითარება და არის ძალიან მოქნილი, იმდენი წინადადება დადო მაგიდაზე ამისთვის, ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს, თუ გვექნება აუცილებლად გაგაგებინებთ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე საარჩევნო მოდელებთან დაკავშირებით ახალი იდეები წარადგინეს. ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი იდეები იძლევა საშუალებას, "მაგალითად, გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს მანდატების კუთხით იგივე შედეგი საქართველოს პარლამენტში, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში". დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი შეთანხმების მიღწევის საფუძველს იძლევა.

ამ დრომდე ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციის მიმართ 100/50 პრინციპი იყო, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ თანხმდება და ამბობს, რომ დაცული უნდა იყოს 40%-ის პრინციპი. ანუ, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება (76 დეპუტატი), მან უნდა შეძლოს პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე არსებითად მეტის მოპოვება და თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამას 130/20 უზრუნველყოფს, ანუ პარლამენტის მანდატების იმგვარად განაწილება, რომ 130 დეპუტატი იყოს საარჩევნო სიით, ხოლო 20 მაჟორიტარი. ხელისუფლება ამას ამ დრომდე არ თანხმდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები