კორონავირუსის გამო გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა $2,7 ტრილიონი დაკარგოს

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მსოფლიო ეკონომიკამ, შესაძლოა, 2,7 ტრილიონი დოლარი დაკარგოს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშშია საუბარი.

გამოცემის ექსპერტებმა მოვლენათა განვითარების ოთხი სცენარი შეადგინეს. საბაზისო - ყველაზე პოზიტიური სცენარის მიხედვით, ჩინეთი მალევე შეძლებს დაავადების აფეთქების კონტროლს და მიღებული ეკონომიკური ზიანის წლის მეორე ნახევარში აღმოფხვრას. ამ შემთხვევაში უარყოფითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე შედარებით უმნიშვნელო იქნება. 

მეორე სცენარი მოვლენათა ისეთ განვითარებაზეა გათვლილი, რომელშიც ჩინეთი და სხვა ქვეყნები დაავადებულთა რიცხვით სწრაფად ვერ გაუმკლავდებიან გამოწვევას. საუბარია დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნებზე, სადაც ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საგრძნობლად მაღალია: იაპონია, იტალია, გერმანია. ამ შემთხვევაში კორონავირუსი უშუალოდ ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე აისახება უარყოფითად, ასევე, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,1%-იდან 2,3%-მდე შემცირდება. 

მესამე სცენარი ითვალისწინებს ვითარებას, რომლის მიხედვითაც, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დაავადება მასშტაბურად გავრცელდება. საუბარია აშშ-ზე, ინდოეთზე, გაერთიანებულ სამეფოზე, ბრაზილიაზე, კანადაზე, გერმანიაზე - ამ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მსოფლიოს 10 ყველაზე დიდი ეკონომიკა. მოვლენათა ამ გზით განვითარებისას, გლობალური ზრდის პროგნოზი 1,2%-მდე მცირდება. ამ სცენარის მიხედვით, ევროზონის ქვეყნები და იაპონია ეკონომიკურ რეცესიაში აღმოჩნდებიან, ხოლო აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 0,5%-მდე შემცირდება. 

მოვლენათა განვითარების მეოთხე სცენარი ყველაზე პესიმისტურია და მთელ მსოფლიოში ვირუსის პანდემიურ გავრცელებას გულისხმობს. გლობალური პანდემიის შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკა 2,7 ტრილიონ დოლარს დაკარგავს, შედარებისთვის ეს თანხა გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს აღემატება. ამ სცენარში გლობალური ეკონომიკური ზრდა 0%-ს უტოლდება. 

ახალი კორონავირუსის ფონზე გლობალურ ეკონომიკაში მოსალოდნელ სირთულეებზე სხვა ორგანიზაციებიც საუბრობენ. წინა კვირაში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციი [OECD] კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკური ზრდა განახევრდეს.

ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 3 ათასს აღემატება. 

დაავადების 15 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში.

კომენტარები