საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შესაძლოა ხვალ დადასტურდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძეს თქმით, შესაძლოა, საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა ხვალ, 12 მარტს დადასტურდეს. მანვე აღნიშნა, რომ პირველ ინფიცირებულს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა, ინფექციის "ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა" ჰქონდა. 

"გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. ავადმყოფობა მსუბუქ შემთხვევაში, ისევე როგორც ინკუბაციური პერიოდი, 14 დღე გრძელდება. სიმპტომები რადგან მას უკვე აღარ აქვს, ორი დღეა, საერთოდ არანაირი სიმპტომი აღარ აქვს, ამიტომ მოხდება მისი ტესტირება 24 საათის განმავლობაში ორჯერ: ანუ დღესაც და მეორე დღესაც მოხდება კიდევ ტესტირება. თუ ეს ორი პასუხი იქნება უარყოფითი, ის გაეწერება“, - თქვა იმნაძემ TV მაესტროს ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გუშინ, 10 მარტს, კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია.

კომენტარები