აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ბერნი სანდერსმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო ნომინაციისათვის ბრძოლას გააგრძელებს

0 კომენტარი
ბერნი სანდერსი და ჯო ბაიდენი ფოტო: Getty Images

ვერმონსტის სენატორმა ბერნი სანდერსმა პირობა დადო, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის ბრძოლას გააგრძელებს. სანდერსმა პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც 10 მარტს 6 შტატში გამართული პრაიმერიდან გამარჯვება მხოლოდ ერთ შტატში მოიპოვა.

სანდერსმა თქვა, რომ სამშაბათი კარგი დღე არ იყო, თუმცა მისი კამპანია კვლავ წარმატებულია იდეების შეჯიბრში:

"ჩვენი პროგრესული მოძრაობა მხოლოდ იდეოლოგიურ დებატებს არ იგებს, ჩვენ ზოგად დებატებსაც ვიგებთ. ველი კვირას დებატებს არიზონაში ჩემს მეგობარ ჯო ბაიდენთან." თქვა მან.

სანდერსმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა "დემოკრატიული ისტებლიშმენტი", რომელიც, მისი აზრით მეორედ ცდილობს ჩაშალოს მისი საპრეზიდენტო კამპანია:

"მივმართავ დემოკრატიულ ისტებლიშმენტს: იმისათვის, რომ მომავალში გამარჯვებას მიაღწიოთ საჭიროა მოიგოთ იმ ამომრჩევლების გულები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ და ამისათვის უნდა ისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც მათ ადარდებთ. არ უნდა დაკმაყოფილდეთ მხოლოდ უფრო ასაკოვანი ხალხის ხმების მოპოვებით." თქვა მან.

10 მარტს აშშ-ის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამარჯვება მოიპოვა მიჩიგანის, აიდაჰოს, მისისიპის და მისურის შტატებში. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერის დროს სანდერსმა მიჩიგანში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ.

ვაშინგტონის შტატში სანდერსმა და ბაიდენმა თანაბარი რაოდენობის, 17-17 დელეგატი მოიპოვეს. დემოკრატიული პარტიის ნომინაციისათვის კანდიდატებს 1,991 დელეგატი სჭირდებათ. ამ დროისათვის ბაიდენს 864 დელეგატი ჰყავს, სანდერსს 710.

შემდეგ სამშაბათს, 17 მარტს პრაიმერი გაიმართება არიზონაში, ფლორიდაში, ილინოისში და ოჰაიოში.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში დემოკრატიული ნომინაციისათვის ბრძოლაში სუპერ სამშაბათს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაწინაურდა. 3 მარტს მან გაიმარჯვა ალაბამას, არკანზასის, მენის, მასაჩუსეტსის, მინესოტას, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის და ვირჯინიის შტატებში.

სუპერ სამშაბათამდე ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ მინესოტას სენატორი ემი კლობუშარი და საუს ბენდის ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი. მათ მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირეს. სუპერ სამშაბათს განცდილი მარცხის შემდეგ კამპანია შეწყვიტა მილიარდერმა, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა და მანაც მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა. ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშა მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენიც. ამ დრომდე მას არ გაუკეთებია განცხადება იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს. ჯო ბაიდენს მხარს უჭერენ სხვა ყოფილი კანდიდატებიც, მათ შორის კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი და ყოფილი ტეხასელი კონგრესმენი ბეტო ო'რურკი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები