18 მარტს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანმა ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხი გასცა და კიდევ გასცემდა.
"ამერიკელებმა მოკლეს ჩვენი დიდი მეთაური. ჩვენ პასუხი გავეცით ამ ტერორისტულ ქმედებას და [კიდევ] გავცემთ პასუხს," - თქვა როუჰანიმ.
14 მარტს, დილით, ერაყში ტაჯის სამხედრო ბაზაზე 33 Katyusha-ს ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. შედეგად მძიმედ დაშავდა ერაყის სამხედრო ძალების რამდენიმე წარმომადგენელი და 2 ამერიკელი სამხედრო. მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო.
12 მარტს ამავე ბაზაზე სარაკეტო თავდასხმას ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხად აშშ-მა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თქმით დარტყმების სამიზნეს ერაყის სხვადასხვა რეგიონში ქათა'იბ ჰეზბოლას იარაღის 5 საწყობი წარმოადგენდა. მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით აშშ-ის დარტყმებისას მოკლულია 26 ადამიანი.
გასულ წელს აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ერაყში განხორციელებულ 13 მსგავს თავდასხმაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, რომელიც კირკუკში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი. პასუხად, გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-მა დაჯგუფების ბაზა დამბობმა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. ამას ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან აქციები და საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა, რის ორკესტრირებაშიც აშშ-მა ირანი და კონკრეტულად კი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ გაიცა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება თეთრ სახლში. სოლეიმანისთან ერთად აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას მოკლულია ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.
პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ.
აშშ-მა ირანს კიდევ დამატებითი სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც აშშ-ის მოწინააღმდეგეების შეკავებას ისახავს მიზნად.
23 იანვარს ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მრჩეველმა ბრაიან ჰუკმა თქვა, რომ თუ ყასემ სოელიმანის შემცვლელი მასსავით გააგრძელებდა ამერიკელების მოკვლას, მის ბედს გაიზიარებდა.