ესპანური გრიპის პანდემიისას დაბადებული 101 წლის კაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

იტალიის ქალაქი რიმინი.

101 წლის იტალიელი კაცი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს - ამის შესახებ იტალიის ქალაქ რიმინის მერიის წარმომადგენელმა, გლორია ლისიმ ისაუბრა.

კაცს, რომლის სახელი და გვარი "Mr.P"-თი არის მოხსენიებული, ახალი კორონავირუსი გასულ კვირას დაუდგინდა და ის მაშინვე ქალაქ რიმინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გლორია ლისის თქმით, გამოჯანმრთელების ეს შემთხვევა მომავლის იმედია.

"Mr.P-მ ეს შეძლო. ოჯახმა ის სახლში გუშინ საღამოს წაიყვანა. 101 წლის ადამიანის მომავალიც კი არ არის დაწერილი", - თქვა მან.

101 წლის კაცი 1919 წელს დაიბადა. მაშინ სამყაროში ესპანური გრიპის პანდემია იყო, რომელმაც დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი დააინფიცირა.

27 მარტის დილის მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულია 80 589 ადამიანი, გარდაცვლილია 8 215 ადამიანი და გამოჯანრმთელებულია - 10 361.

კომენტარები