რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია

რუსი დეკანოზი, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა, ეკლესიების დახურვას ეწინააღმდეგებოდა

RBK

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, რომელიც ახალი კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა, ეკლესიების დახურვის წინააღმდეგი იყო. 

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე დეკანოზმა ალექსანდრ აგეიკინმა ერთერთ რუსულ მედიასთან Pravda.ru ისაუბრა და თქვა, რომ ღმერთს ჩვენი განკურნების უნარი აქვს. 

"ჩვენ უარვყოფთ ღმერთის მოქმედებას, თუკი ვამბობთ, რომ დავკეტოთ ეკლესიები. რა გამოდის, რომ ღმერთი არ მოქმედებს ეკლესიაში? ღვთისმსახურება რაიმეთი შეზღუდულია? 'ჩვენ არ ვენდობით ღმერთს. მოდით, უკეთესი იქნება, თუ დავხურავთ ეკლესიებს' და რისთვის? იმიტომ, რომ არ ვენდობით ღმერთს? 

ღვთისმსახურების შემდეგ ყოველთვის ვცდილობ, სიტყვა ვუთხრა ჩემს მრევლს. მე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები იმას, რასაც ვამბობ... მე ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩვენ აქაც [ეკლესიაში] შეიძლება დავავადდეთ, რომ ჩვენ ყველა საფრთხეში ვართ და ამ საფრთხემ მოგვიყვანა ეკლესიებში, ღმერთის ტაძარში. იმიტომ, რომ საერთო ლოცვით მივმართოთ ღმერთს დასახმარებლად. კი, მე მჯერა, რომ ჩვენ შეიძლება ავად გავხდეთ, დავინფიცირდეთ, მაგრამ ღმერთს ჩვენი განკურნება შეუძლია. ამიტომაც, თუკი ჩვენ ღმერთზე მეტად დაავადების შეგვეშინდა, ჩვენ არაფერი დაგვეხმარება", - ამბობდა ინტერვიუში დეკანოზი. 

მღვდელმსახური ვირუსისგან 21 აპრილს გარდაიცვალა. 

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 58 000 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც მათივე ცნობით, 513 ადამიანი გარდაიცვალა, 4 420 კი გამოჯანმრთელდა, თუმცა ადგილობრივი აქტივისტებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, რუსეთის ხელისუფლება ინფიცირებულების რეალურ რიცხვს მალავს და მათ ნაწილს პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობს. 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ერთერთია იმ 12 მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიიდან, რომელმაც ღვთისმსახურების ერისკაცთა გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. დახურვამდე კი, ეკლესიამ ნაწილობრივ შეცვალა ზიარების წესი და თითოეული მორწმუნის ზიარების შემდეგ, კოვზს სპირტიანი ბამბით წმენდნენ. 

კომენტარები