კორონავირუსი საქართველოში

მარნეულში, სადაც ერთი თვეა, კარანტინია, საპროტესტო აქცია იმართება

Marneuli FM

მარნეულში, სადაც უკვე ერთი თვეა მკაცრი კარანტინია გამოცხადებული, სოფელ შულავერში რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. ამის შესახებ რადიო მარნეული იუწყება. 

აქციაზე, ძირითადად, ფერმერები არიან შეკრებილები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას ითხოვენ. 

დემონსტრანტებთან მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მივიდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აქციას პოლიტიკური სარჩული აქვს, რასაც "სამწუხაროდ" აფასებენ. 

პარალელურად, ზაურ დარგალი დემონსტრანტებს ამშვიდებს, რომ გზები მალე გაიხსნება.

"მოსავლის გატანის მიმართულებით უკვე რამდენიმე დღეა ვმუშაობთ, თუმცა მოცულობა დიდია და დამატებითი რესურსებია საჭირო, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქტი გავიდეს,"- ამბობს ზაურ დარგალი. 

დემონსტრანტებს შეუერთდნენ ევროპული საქართველოს მარნეულის ოფისის ლიდერი აჰმედ იმამკულიევი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ოფისის ლიდერი აზერ სულეიმანოვი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. 

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულის მუნიციპალიტეტში 23 მარტს გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამ რეჟიმის გაპროტესტებას ცდილობს. 

კომენტარები