აშშ - ირანი

ტრამპი: აშშ-ის ფლოტს დავავალე, გაანადგურონ ირანული ხომალდები, თუ ჩვენს გემებს შეავიწროებენ

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: aa.com

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ფლოტს უფლება მისცა, ნებისმიერ ირანულ ნავს გაუხსნას ცეცხლი, რომელიც მათ შეავიწროებს. პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 15 აპრილს, სპარსეთის ყურეში, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 11 ნავი აშშ-ის ნავებს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა.

"შეერთებული შტატების ფლოტს დავავალე, რომ ესროლონ და გაანადგურონ ყველა ირანული ქვემეხებიანი ნავი, თუ ისინი ჩვენს გემებს შეავიწროებენ," - წერს ტრამპი Twitter-ზე.

15 აპრილს სპარსეთის ყურეში ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალების 11 ხომალდი სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა აშშ-ის საზღვაო საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის გემებს.

ირანული ხომალდები აშშ-ის 6 სამხედრო ნავს მაშინ მიუახლოვდნენ, როდესაც ისინი არმიის ვერტმფრენებთან ერთად საერთაშორისო წყლებში ინტეგრაციის ოპერაციებს ატარებდნენ.

აშშ-ის განცხადებით, ერთ მომენტში, ირანული ხომალდები აშშ-ის ხომალდისგან 9-10 მეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ.

აშშ-ის გემებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს ისინი, ირანულმა ხომალდებმა დაახლოებით 1 საათის შემდეგ დატოვეს ტერიტორია. 

"ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის საშიშმა და პროვოკაციულმა ქმედებებმა გაზარდა შეცდომით გაანგარიშების და შეჯახების რისკი და ეს ზღვაში შეტაკებების აღკვეთის საერთაშორისო დებულების შესახებ საერთაშორისოდ აღიარებულ კონვენციას არ შეესაბამებოდა," - აღნიშნულია აშშ-ის სამხედროების განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 16 აპრილს განაცხადა, რომ პენტაგონთან ერთად საპასუხო ქმედებას განიხილავდა.

2016, 2017 წლებში იყო მსგავსი შემთხვევები, რაზეც აშშ-ის მხარე ირანული გემებისთვის გამაფრთხილებელ გასროლას ახორციელებდა. ბოლო წლებში მსგავსი ინციდენტები შეჩერდა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური სამხედრო დაჯგუფება ერაყში განხორციელებულ 13 თავდასხმაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი თავდასხმის დროს, რომელიც კირკუკში სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, დაიღუპა ერთი ამერიკელი კონტრაქტორი. პასუხად, გასული წლის დეკემბრის ბოლოს აშშ-მა დაჯგუფების ბაზა დაბომბა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. ამას ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან აქციები და საელჩოზე თავდასხმა მოჰყვა, რის ორკესტრირებაშიც აშშ-მა ირანი და კონკრეტულად, გენერალი ყასემ სოლეიმანი დაადანაშაულა. სწორედ ამის შემდეგ გაიცა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება თეთრ სახლში. სოლეიმანისთან ერთად აშშ-ის საჰაერო დარტყმებისას მოკლეს ქათა'იბ ჰეზბოლას ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

პასუხად 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აშშ-ის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით, 11 ამერიკელ სამხედროს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და მათ მკურნალობენ. აშშ-მა ირანს კიდევ დამატებითი სანქციები დაუწესა.

12 მარტს ერაყში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განხორცილებული შეტევისას კოალიციური ჯარების 3 სამხედრო პირი დაიღუპა. მათ შორის 2 ამერიკელი და ერთი ბრიტანელი.

18 მარტს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანმა ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე პასუხი გასცა და კიდევ გასცემდა. 

1-ელ აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ერაყში აშშ-ს ძალებზე თავდასხმას აპირებს და თუ ეს მოხდება, ის დიდ ფასს გადაიხდიდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 22 აპრილს, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის პირველი სამხედრო სატელიტი ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ ირანის სატელიტური პროგრამა მხოლოდ საფარია, რომელსაც რაკეტების განვითარებისათვის იყენებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები