ჩრდილოეთ კორეა

მატარებელი, რომელიც სავარაუდოდ კიმ ჩენ ინს ეკუთვნის, ქალაქ ვონსანის სადგურზე დააფიქსირეს

Reuters

სპეციალური მატარებელი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ეკუთვნის, ქალაქ ვონსანის სადგურში გადაიღეს. სატელიტური სურათები ვაშინგტონში არსებულმა ჩრდილოეთ კორეის მონიტორინგის პროექტმა განიხილა. მათი თქმით, ამ სადგურით მხოლოდ კიმის ოჯახი სარგებლობს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, ეკუთვნის, თუ არა მატარებელი ქვეყნის ლიდერს და იმყოფებოდა თუ არა ის ვონსანში.

"მატარებლის სადგურში ყოფნა არ ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ადგილსამყოფელს და მის ჯანმრთელობაზე არაფერს გვეუბნება, თუმცა ეს ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ კიმი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ელიტარულ ადგილას იმყოფება", - ნათქვამია ანგარიშში.

არსებობს ვარაუდი, რომ კიმი ელიტარულ კურორტზე კორონავირუსისგან თავის არიდებას ცდილობს. მიუხედავად მისი მხრიდან ქვეყანაში ვირუსის გავრცელების უარყოფისა, სამხრეთ კორეული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ქვეყანაში, მათ შორის სამხედრო ძალებში, ვირუსით დაავადების ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ის 15 აპრილს მისი ბაბუის იუბილეს არ დაესწრო. მას მსგავსი ცერემონია არასოდეს გამოუტოვებია. კიმი სახელმწიფო მედიაში ბოლოს 12 აპრილს გამოჩნდა, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავების წვრთნებს ესწრებოდა. გასულ კვირას გამართულ სარაკეტო გამოცდას ის არ დასწრებია.

25 აპრილს მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოტოვა, რომელიც ქვეყნის სამხედრო ძალების ჩამოყალიბებას ეძღვნებოდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა.

პირველად ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეული პირების მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე გავრცელდა. ისინი წერდნენ, რომ კიმს გულზე პრობლემები გასული წლის აგვისტოდან აქვს. მოგვიანებით კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. CNN იტყობინებოდა, რომ აშშ მისი მდგომარეობის შესახებ ცნობებს შეისწავლიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამის თაობაზე მას ინფორმაცია არ აქვს და კიმს წარმატებები უსურვა.

თუმცა, სამხრეთ კორეა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გულზე ჩატარებული ოპერაციის გამო, მძიმეა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ 36 წლის კიმის მდგომარეობა მძიმეა.

კიმს პირდაპირი მემკვიდრე არ ჰყავს. მისი შემცვლელი შესაძლოა მისი და, კიმ იო-ჯონგი, გახდეს. კიმის გარდაცვლებაზე სპეკულაციას ისიც ამძაფრებს, რომ კიმმა ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ წონაში მოიმატა, აქტიური მწეველია და მის ოჯახში კარდიოვასკულარული პრობლემების ისტორია აქვთ.

კომენტარები