კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი უკვე დავამარცხეთ

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელნელა უნდა მოხდეს. 

"დღეს როდესაც მოხდა გარკვეული შემსუბუქება, ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია უკვე დავამარცხეთ საქართველოში და ჩვენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმში უნდა გადავიდეთ. არა, ბატონო. კარგი ტერმინი დამკვიდრდა - ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ცხოვრება ისე, რომ მისგან მივიღოთ მინიმალურზე მინიმალური ზიანი",- თქვა გამყრელიძემ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქების 6-ეტაპიანი გეგმის ერთერთ ადრეულ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობაც, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიურ სიტუაციაზე. 

გამყრელიძე ამბობს, რომ "ეს ახალი ველოსიპედი არ არის" და ყველა ის ქვეყანა, რომელიც შეზღუდვებს ნელნელა ამსუბუქებს, ასე იქცევა. 

"მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ და მომზადება იმას ნიშნავს, რომ ყველა ის რეკომენდაცია უნდა დავიცვათ. ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა სამთავრობო გუნდმა 24 აპრილს, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებიდან 2 დღის შემდეგ წარადგინა. 

პირველ ეტაპზე დღეიდან, 27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, ტაქსების მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ-ვაჭრობა აღდგა. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 149 გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი - გარდაიცვალა. 

კომენტარები