8 მარტის შეთანხმება

მდინარაძე: 120/30-ზე საარჩევნო შეთანხმებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას საფრთხე არ ემუქრება.

ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ახალი კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეების გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით კი, კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ჩერდება. 

როგორც პარლამენტის ვიცესპიკერი ამბობს, ქართული ოცნება "მოწოდებულია", ყველაფერი ისე გაკეთდეს, რომ შეთანხმება შედგეს და ცვლილებების მიღება მოასწრონ. 

"ჩვენ გავიარეთ ყველა სიტყვა, ყველა პუნქტი, რეგლამენტში, კონსტიტუციაში, ოპოზიციასთან და შევთანხმდით, რომ სულ რამდენიმე დღეც კი შესაძლოა საკმარისი გავხადოთ, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მოვასწროთ და შეთანხმება შედგეს, რომელიც არის 120/30-ზე და ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - თქვა მდინარაძემ იმედის ეთერში. 

8 მარტის შეთანხმება, საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტასაც მოიცავს, თუმცა ქართული ოცნება შეთანხმების ამ ნაწილს საჯაროდ არ აღიარებს. 

მდინარაძის თქმით, შეთანხმების მეორე ნაწილი ეხებოდა იმას, რომ "პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში" და ოპოზიცია საზოგადოებას გზავნილს "უკუღმა" აწვდის. 

"ოპიზიციას უნდა, პოლიტპატიმარი დაარქვას ადამიანს, რომელმაც მაგალითად, 48 მილიონი ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან და თავის პარტიას მოახმარა და ამაში უნდა ჩაერიოს პოლიტიკა, პოლიტიკოსები, მმართველი გუნდი და ეს იყო თითქოს შეთანხმება", - თქვა მდინარაძემ. 

ფაქტს, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხებოდა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება ადასტურებს. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება",- ასე გამოეხმაურა საელჩო 14 აპრილს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას. 

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 22 მაისს იწურება. 

კომენტარები