საგანგებო მდგომარეობა

თალაკვაძე: პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე

საქართველოს მთავრობა

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარლამენტი მუშაობას საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე აღადგენს.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, როგორც კი ეს იქნება შესაძლებელი, დავუბრუნდეთ საქმიანობის ნორმალურ რეჟიმს, სრულად აღვადგინოთ სოციალური და ეკონომიკური ფუნქციები, ასევე პარლამენტი შეუდგეს საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობას - ეს მოხდება საგანგებო მდგომარეობის ამოწურვისთანავე", - თქვა მან ტვ იმედის ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციასაც გამოეხმაურა, რომელთა განცხადებითაც, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გაჩერებულია.

„ჩვენ კარგად გვესმის ოპოზიციის ამ ერთი დესტრუქციული და რადიკალური ნაწილის წუხილები და სხვათა შორის, მათი კომენტარებიც ძალიან ნიშანდობლივია, კარგად იკითხება რაც აწუხებთ. ადამიანები, რომლებიც მთელი წელი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ და როცა ყველა მუშაობდა, არ მუშაობდნენ, ახლა გამოვიდნენ ბოიკოტის რეჟიმიდან და პარლამენტის საქმიანობაში ჩართვას ითხოვენ მაშინ, როცა მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის. როდესაც მოვუწოდებდით, მიიღეთ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში, ჩაერთეთ პოლიტიკურ დებატებში, მთელი ეს პერიოდი ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ" - თქვა მან.

არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს იმასაც, რომ პანდემიის დროს პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. მისი თქმით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აქტიურად იყო წარმოდგენილი როგორც საკოორდინაციო საბჭოს, ასევე, ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში. გარდა ამისა, რეგიონებში აქტიურად მუშაობენ მაჟორიტარები, დარგობრივი მიმართულებებით საქმიანობას აგრძელებენ კომიტეტები და ვიდეო-კონფერენციის ფორმატში იმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები.​

რამდენიმე დღის წინ ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ცხოვრება რაც შეიძლება, მალე აღდგეს, რათა მოხდეს იმ თანხების საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად იხარჯება.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეჩერებულია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაც - ცვლილებების დამტკიცება აუცილებელია, რათა 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება შესრულდეს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატები 120/30-ზე პროპორციით გადანაწილდეს.

5 მაისს ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებაზე ისაუბრა . მისი თქმით, საგანგებო "ერთი თვითაც რომ გაგრძელდეს, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც ესწრება".

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტს ამოქმედდა. 22 აპრილს ის ერთი თვით - 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები