ჩინელი მკვლევრების თქმით, ახალი კორონავირუსი კაცის სპერმაში აღმოჩნდა, მას შემდეგაც კი, რაც პაციენტებმა ვირუსისგან გამოჯანმრთელება დაიწყეს.
შანგქიუს მუნიციპალური საავადმყოფოს გუნდმა, ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს [იანვარსა და დეკემბერში] დაინფიცირებული 38 კაცი პაციენტის ნიმუში გატესტა. მკვლევართა გუნდმა შედეგები სამედიცინო ჟურნალში JAMA Network Open გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკვლეულთა 16%-ს სპერმაში ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, მათგან მეოთხედი ვირუსის მძიმე ფაზაში იყო, ხოლო 9%-ს უკვე გამოჯანმრთელების ნიშნები ჰქონდა.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ SARS-CoV-2-ს შეუძლია მდგრადობა შეინარჩუნოს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სპერმაში და ასევე იმათ სპერმაში, ვინც გამოჯანმრთელების ნიშნებს ავლენენ.
თუნდაც, ვირუსს არ შეეძლოს კვლავწარმოება კაცების სასქესო სისტემაში, მაინც შესაძლოა, რომ მდგრადობას ინარჩუნებდეს", - თქვა დიანგენგ ლიმ, ჩინეთის ნაციონალური არმიის საავადმყოფოდან.
ახალი კორონავირუსის სპერმაში აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი აუცილებლად სქესობრივი გზით გადამდებია. მსგავსი კვლევები სხვა ვირუსების დროსაც ყოფილა - მაგალითისთვის, ზიკა და ებოლა პაციენტის სპერმაში გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი აღმოუჩენიათ.
"მომავალ კვლევებში თუ დამტკიცდება, რომ SARS-CoV-2 სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია, ეს ყველაზე რთული იქნება გავრცელების პრევენციისთვის", - ამბობს მკვლევართა გუნდი.