შეზღუდვები საგანგებოს გარეშე

რა შეზღუდვები რჩება და უქმდება 23 მაისიდან? - პრემიერმინისტრის მრჩევლის განმარტება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნამდე რამდენიმე საათით ადრე ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ის შეზღუდვები ჩამოუთვალა, რომელიც 23 მაისის შემდეგაც რჩება ძალაში. 

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე ამ შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს, 22 მაისს ქართული ოცნების უმრავლესობამ მიანიჭა. პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა და ის უკვე ძალაშია შესული. სწორედ ამ კანონზე დაყრდნობით ტოვებს მთავრობა რიგ შეზღუდვებს ძალაში. 

22 მაისს, 00:00 საათიდან იხსნება ე.წ კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე აკრძალული იყო გადაადგილება და პირად ავტომობილში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა. ამასთან კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თუმცა საკარანტინო ზონაში რჩება სოფელი მუშევანი და გეტა. ასევე საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული თეთრიწყაროც. 

ამასთან, მოიხსნა შეზღუდვა 70 წელს გადაცილებული ადამიანების სახლიდან გასვლის შესახებაც, თუმცა მთავრობა მათ რეკომენდაციით მიმართავს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლიდან გასვლას მოერიდონ. 

პრემიერმინისტრის მრჩეველს არაფერი უთქვამს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, თუმცა სავარაუდოა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, შეზღუდვა ავტომატურად მოიხსნება. 

რა შეზღუდვები რჩება:

  • სავალდებულოა ნებისმიერ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია; 
  • აკრძალულია სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი;
  • ტაქსიში მგზავრთა რაოდენობა კვლავ შეზღუდულია და ამავდროულად, ტაქსის მძღოლი ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. 
  • აკრძალულია რესტორანში, ბარსა და კაფეში მოხმარებლების საკვებით ადგილზე მომსახურება;
  • შეზღუდულია სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა მათი საკარანტინო სივრცედ გამოყენებისა;
  • აკრძალულია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ-ვაჭრობისა;
  • შეზღუდული რჩება მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმათი, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
  • შეზღუდული რჩება სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება;
  • აზარტული და მომგებიანი თამაშები შესაძლებელია დაიშვას მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ბიზნეს-სუბიექტები ვალდებულები არიან, დაიცვან ის მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან;
  • შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, როგორც ქალაქებს შიგნით, ისე საქალაქთაშორისო მოძრაობისას;

"შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო", - ამბობს ჩიქოვანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები