ავღანეთი

თალიბანმა ავღანეთში რამადანის ბოლოს 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა

GETTY IMAGES

დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთის მთავრობასთან ერთად მუსლიმებისათვის წმინდა თვის, რამადანის დასასრულს, იდ-ალ-ფიტრის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ცეცხლის შეწყვეტის 3-დღიანი შეთანხმება ძალაში 24 მაისს შედის.

"მტრის წინააღმდეგ თავდასხმები არსად განახორციელოთ. თუ თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებენ, თავი დაიცავით",- გამოაცხადა თალიბანის სპიკერმა ზაიბულა მუჯაჰიდმა.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ დაჯგუფების ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და მისი ჯარისკაცები შეთანხმების პირობებს პატივს სცემენ.

ავღანეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როდესაც თალიბანმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა. მსგავსი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პირველად 2018 წელს შედგა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ აღარ გაგრძელებულა და ქვეყანაში დაპირისპირება და თავდასხმები განახლდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი დაჯგუფებამ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც მათ თავდასხმები უნდა შეემცირებინათ და ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ, თუმცა, მიუხედავა ამისა, ქვეყანაში თავდასხმები არ წყდება.

გასულ კვირას თალიბანმა ავღანეთის ღაზნის პროვინციაში სადაზვერვო სააგენტოს შენობასთან აფეთქება მოაწყო. დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 40. შენობასთან დანაღმული მანქანა ააფეთქეს.

12 მაისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, ექიმები საზღვრებს გარეშე, საავადმყოფოზე შეიარაღებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. თალიბანმა მომხდართან რაიმე კავშირი უარყო. ამავე დღეს ქვეყნის აღმოსავლეთით, ნანგარჰარის პროვინციაში პოლიციელის დაკრძალვის დროს აფეთქება მოხდა, რასაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

თავდასხმების პასუხად ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თქვა, რომ თალიბანის და სხვა დაჯგუფებების წინააღმდეგ ოპერაციების გაგრძელების ბრძანებას გასცემს.

ამის შემდეგ ღანი და მისი მთავარი ოპონენტი აბდულა აბდულა ხელისუფლების გადანაწილებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, აბდულა აბდულა თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს.

კომენტარები