გიორგი გაბუნიას საქმე

სუს: ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში დავაკავეთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

"ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი.

გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული". – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და განმარტავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ ეტაპზეც ინტენსიურად მიმდინარეობს.

"დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც, საბოლოო ჯამში, დააზიანებს მთავარ საჯარო ინტერესს, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება". – აცხადებს სუს-ი.

დღეს, 15 ივნისს, ტელეკომპანია ფორმულამ სუს-ის სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

მოგვიანებით, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ინგუში, ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, რომელიც ვლადიმირ პუტინის გინების გამო რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდა. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის თქმით, უკრაინელი სამართალდამცავებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩეჩნეთის ლიდერის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა. 

2019 წლის ივლისში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" მსვლელობისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

მოგვიანებით გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გამოეხმაურა და დაიმუქრა. კადიროვმა დაწერა, რომ "მსოფლიოში მილიონი ახალგაზრდაა, რომლებიც უღრმეს პატივს სცემენ ვლადიმირ პუტინს" და რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს", თორემ მისივე თქმით, "პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს". 

კომენტარები