ქართული ოცნება

ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის განცხადებების გამო "ოცნება" გერმანიის ელჩს ბოდიშს უხდის

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტაბულას მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებების გამო ქართული ოცნება გერმანის ელჩს ქვეყნის სახელით ბოდიშს უხდის.  

ქართული ოცნების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის "შეურაცხმყოფელი განცხადებები კიდევ უფრო გაამძაფრა" ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

"უკანასკნელ პერიოდში, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების თავდასხმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და მათი ანტიდასავლური კამპანია სულ უფრო შემაშფოთებელ ფორმასა და მასშტაბებს იძენს. ვფიქრობთ, რაც უფრო ღრმად შევა რადიკალური ოპოზიცია მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, მისი უპასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც, მასთან ერთად, გარკვეულ ზიანს ჩვენს ქვეყანასაც მიაყენებს. ამდენად, ამგვარ უპასუხისმგებლობაზე მყისიერი რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია.

შეგახსენებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ღიად და თავხედურად აცხადებენ უარს იმ შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების მხარდაჭერითა და ფასილიტაციით მოვაწერეთ ხელი. მეტიც, რადიკალური ოპოზიციის უკვე არაერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა იმის თაობაზე, რომ მათ 8 მარტს შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა სურთ.

რადიკალური ოპოზიციის ანტიდასავლური კამპანიის ერთგვარი კულმინაცია იყო მათი ლიდერების, შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას მიერ გერმანიის ელჩის კომენტარის პასუხად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც უხეშად არღვევდა ზრდილობისა და ეთიკის ელემენტარულ ნორმებს. ბოკერიას და მისი მეუღლის შეურაცხმყოფელი განცხადებები მოგვიანებით კიდევ უფრო გაამძაფრა ნათელაშვილმა, რომელმაც უხეში შეურაცხყოფა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანელ ხალხსა და გერმანულ სახელმწიფოსაც მიაყენა, სახელმწიფოს, რომელიც 90-იანი წლებიდან დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე და რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნათელაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხისა და გერმანული სახელმწიფოს, არამედ, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო.აღსანიშნავია, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო პასუხი ჩვენი მეგობარი ელჩების მიერ თანმიმდევრულად გაცხადებულ სიმართლეზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას უკავშირდება. ეს სიმართლე თავდაპირველად 23 ივნისს მაქსიმალურად დიპლომატიურად წარმოთქვა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, მოგვიანებით, 25 ივნისს, უფრო მკაფიოდ განმარტა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, ხოლო როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ამჯერად შეისმინა დიპლომატების განცხადება, 26 ივნისს იგი კიდევ უფრო მკაფიოდ განმარტა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას სწორად გაეაზრებინა ელჩების განცხადებების შინაარსი და მათი მოწოდება, მისმა ლიდერებმა ამ განცხადებებს შეურაცხყოფითა და უკიდურესად არაეთიკური ქცევით უპასუხეს. რადიკალური ოპოზიიციის ლიდერების ამგვარი რეაქციის მიზეზი სრულიად ნათელია - მათ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერა და მისი ჩავარდნის იმედს იტოვებენ, ელჩების განცხადებები კი, მათ მანევრირებისთვის არავითარ სივრცეს არ უტოვებს.ანტიდასავლური განცხადებები და კამპანია რადიკალური ოპოზიციის არჩევანია. ქართველი ხალხის არჩევანია ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცება და საქართველოს დასავლური მისწრაფებების სრულფასოვანი რეალიზება, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებში კიდევ ერთხელ მყარად დადასტურდება. ეს არჩევანი პოლიტიკაში თავის ადგილს მიუჩენს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება და კიდევ ერთხელ განამტკიცებს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური ღირებულებებისკენ, რომელსაც ესოდენ მყარი ისტორიული საფუძველი აქვს", - ვკითხულობთ ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კრინშმა თქვა, რომ გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ არის და გაკვირვებულია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა.   

კრინშის საპასუხოდ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ის თარგმანში დაკარგულს ჰგავს და "მერე ბოდიშის მოხდა უწევს."

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კი დღეს, 27 მაისს, გერმანიის მთავრობას მიმართა, რომ ჰუბერტ კრინში გაიწვიოს.

"ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან. მივმართავ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, გაიწვიეთ ეს ელჩი, რომელიც საკუთარ ბიზნესზე მუშაობს", - თქვა ნათელაშვილმა.  

8 მარტის შეთანხმება აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი დოკუმენტია, რომელიც ორნაწილიანია და გულისხმობს, როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ის, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, არაერთხელ დაადასტურეს საქართველოს სხვა დასავლელმა პარტნიორებმა.

საკონსტიტუციო ცვლილებები II მოსმენით მიღებულია, მესამე, საბოლოო მოსმენა 29 ივნისს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. იმავე დღეს, 11:00 საათზე დანიშნულია გიორგი რურუას სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარე კიდევ ერთხელ აღძრავს მისი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას.

I მოსმენისას კანონპროექტს მმართველ გუნდთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ევროპულმა საქართველომაც დაუჭირა მხარი, II მოსმენის დროს - ბოიკოტი გამოაცხადა. ენმ-ს არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები