აშშ

ტრამპი: ჩემთვის არ შეუტყობინებიათ ავღანეთში ჩვენს სამხედროებზე რუსეთის ე.წ. თავდასხმის შესახებ

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, მისთვის არავის შეუტყობინებია, რომ რუსეთის დაზვერვა თალიბანის მებრძოლებს ჯილდოს სთავაზობდა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლისათვის.

"არავის შეუტყობინებია არც ჩემთვის, არც ვიცეპრზიდენტ მაიკ პენსისთვის და არც თეთრი სახლის შტაბის უფროსის, მარ მედოუსისთვის ავღანეთში ჩვენს სამხედროებზე რუსეთის ე. წ. თავდასხმის შესახებ, როგორც ეს ცრუ ახალი ამბების სააგენტომ New York Times-მა გაავრცელა"ანონიმურ წყაროზე" დაყრდნობით. ყველა უარყოფს ამას და თან ბევრი თავდასხმაც არ ყოფილა.

რუსეთის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციაზე მკაცრი არავინ ყოფილა. კორუმპირებულ ჯო ბაიდენთან და ობამასთან რუსეთს ნადირობის დღე ჰქონდა, უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილები მიიტაცა. სადაა ჰანტერ [ბაიდენი]? ეს, სავარაუდოდ, კვლავ Times-ის ცრუ ნამუშევარია, როგორც [აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე] ჩაშლილი შეთქმულება იყო. ვინ არიან მათი "წყაროები"?". – წერს ტრამპი ტვიტერზე

მოგვიანებით მან დაწერა, რომ შეატყობინეს, რომ New York Times-ის ინფორმაცია არასანდოა და სწორედ ამის გამო არ მიუწოდებიათ ის პრეზიდენტისა და ვიცეპრეზიდენტისათვის.

ინფორმაცია უარყვეს თეთრ სახლში, აშშ-ს ეროვნულ დაზვერვასა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

New York Times-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფმა თალიბანთან დაკავშირებულ სამხედროებს ავღანეთში კოალიციური ძალების, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის საიდუმლოდ შესთავაზა ჯილდო.

თვეების წინ აშშ-მ შეიტყო, რომ მათ რუსულმა დანაყოფმა გასულ წელს წარმატებული თავდასხმებისთვის ფარულად შესთავაზა ჯილდო. აღნიშნული დანაყოფი დაკავშირებულია ევროპაში მკვლელობების მცდელობასთან და სხვა საიდუმლო ოპერაციებთან, რაც დასავლეთის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ, მთავრობის შეფასებით, ეს დანაყოფი 29155-ის რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს, GRU-ს დანაყოფის ხელწერაა. ისლამისტმა სამხედროებმა, ან მათთან დაკავშირებულმა კრიმინალურმა ელემენტებმა, სავარაუდოდ, ჯილდოდ ფულის გარკვეული რაოდენობა მიიღეს. 

"2019 წელს ავღანეთში 20 ამერიკელი მოკლეს, თუმცა, უცნობია, რომელ მკვლელობებს აყენებენ ეჭვქვეშ". – წერს გამოცემა.

ოფიციალური პირის თქმით, სადაზვერვო სამსახურის აღმოჩენა უკვე აცნობეს პრეზიდენტ ტრამპს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საკითხი მარტის ბოლოს განიხილა. ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს პოტენციური საპასუხო ქმედებების ვარიანტები – დაწყებული მოსკოვისადმი დიპლომატიური საჩივრით, რათა ეს შეჩერდეს, ასევე, სანქციები და სხვა შესაძლო საპასუხო ნაბიჯები. ანონიმური წყაროს ცნობით, თეთრ სახლს ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს.

კომენტარები