აშშ - რუსეთი

NYT: რუსეთმა თალიბანთან დაკავშირებულ ძალებს აშშ-ს სამხედროების მოკვლისთვის ჯილდო შესთავაზა

NYT

New York Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანონიმურად წერს, რომ ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფმა თალიბანთან დაკავშირებულ სამხედროებს ავღანეთში კოალიციური ძალების, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლისთვის საიდუმლოდ შესთავაზა ჯილდო.

თვეების წინ აშშ-მ გაიგო, რომ რუსულმა დანაყოფმა გასულ წელს წარმატებული თავდასხმებისთვის მათ ფარულად შესთავაზეს ჯილდო. აღნიშნული დანაყოფი დაკავშირებულია ევროპაში მკვლელობების მცდელობასთან და სხვა საიდუმლო ოპერაციებთან, რაც დასავლეთის დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ, მთავრობის შეფასებით, ეს დანაყოფი 29155-ის რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს, GRU-ს დანაყოფის ხელობაა.

გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ისლამისტმა სამხედროებმა ან მათთან ახლოს დაკავშირებულმა კრიმინალურმა ელემენტებმა, სავარაუდოდ, ჯილდოდ ფულის გარკვეული რაოდენობა მიიღეს. 

"2019 წელს ავღანეთში 20 ამერიკელი მოკლეს, თუმცა, უცნობია, რომელ მკვლელობებს აყენებენ ეჭვქვეშ," - წერს გამოცემა.

ოფიციალური პირის თქმით, სადაზვერვო სამსახურის აღმოჩენა უკვე აცნობეს პრეზიდენტ ტრამპს და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საკითხი მარტის ბოლოს განიხილა. ოფიციალურმა პირებმა შეიმუშავეს პოტენციური საპასუხო ქმედებების ვარიანტები - დაწყებული მოსკოვისადმი დიპლომატიური საჩივრით, რათა ეს შეჩერდეს, ასევე, სანქციები და სხვა შესაძლო საპასუხო ნაბიჯები. ანონიმური წყაროს ცნობით, თეთრ სახლს ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამს. 

NYT წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც რუსეთის ჯაშუშთა დანაყოფი დასავლეთის ჯარისკაცებზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა. 

პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ, თუ ვინმე ასეთ ბრალდებებს წარადგენს, რუსეთი ამას უპასუხებს. 

ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად თქვეს, რომ ადმინისტრაციამ ამ საკითხზე ბრიფინგი ამ კვირაში გააფართოვა და ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობასაც გაუზიარა. სავარაუდოდ, თავდასხმის სამიზნე იყო ბრიტანული ძალები.

29 თებერვალს აშშ-მ და დაჯგუფება თალიბანმა ხელი მოაწერეს ავღანეთის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მათ თავდასხმები უნდა შეემცირებინათ და ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში თავდასხმები არ წყდება.

შეგახსენებთ, რომ The New York Times გასულ წელს წერდა, რომ დანაყოფი 29155 ბოლო ათწლეულია მოქმედებს და დასავლეთმა ის მხოლოდ ახლახან აღმოაჩინა. დანაყოფის მეთაურია გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვი. GRU-ს დანაყოფის შტაბბინა მოსკოვში, სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის შენობაში იყო განთავსებული.

2017 წელს გადაღებულ ფოტოზე ჩანს ანდრეი ავერიანოვი ანატოლი ჩეპიგასთან ერთად, რომელიც სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია. ავერიანოვმა 2015 წელს რუსეთის გმირის მედალიც მიიღო. ეს მედალი მიღებული აქვთ სკრიპალის მოწამვლაში ორივე ეჭვმიტანილს.

GRU-ს ყოფილი აგენტი, რომელსაც ინფორმაცია აქვს 29155-ე დანაყოფის შესახებ, გამოცემას ეუბნება, რომ მათი მიზანია დივერსიის დაგეგმვა და ჯგუფური თუ ინდივიდუალური მკვლელობების, დაბომბვების და სხვა ტიპის თავდასხმების ორგანიზება. ის ადასტურებს რუსი ბლოგერის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების ავთენტურობას, რომლებშიც დანაყოფის სათაო ოფისში სხვადასხვა ტიპის იარაღი ჩანს.

გამოცემის გამოძიებაში ლაპარაკია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაზეც, რომელთანაც დაკავშირებულია GRU-ს ორი კიბერდანაყოფი, ცნობილი, როგორც 26165 და 74455. მათ ეროვნული დემოკრატიული კომიტეტისა და ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის სერვერები გატეხეს და შემდეგ მოპარული ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

მათგან განსხვავებით, 29155-ე დანაყოფის ოფიცრები ევროპულ ქვეყნებში მუშაობენ. გამოძიების მიხედვით, მათი ნაწილი ავღანეთის, ჩეჩნეთის და უკრაინის კონფლიქტების ვეტერანია. დასავლელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დანაყოფის ოპერაციები ისეა გასაიდუმლოებული, რომ მასზე წვდომა GRU-ს სხვა ნაწილებსაც არა აქვთ.

2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამ დანაყოფს, მათ შორის 29155-ს და 74455-ს "სამხედრო სამსახურში სპეციალური მიღწევებისათვის" ჯილდოები გადასცა. მესამე დანაყოფი არის 99450, რომელიც სავარაუდოდ 2014 წელს ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.

ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ 29155 არ არის ერთადერთი დანაყოფი, რომელიც ამგვარ ოპერაციებს ატარებს. 2006 წელს ალექსანდერ ლიტვინენკოს მოწამვლასა და მკვლელობაში ბრიტანეთი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს.

2019 წელს Le Monde წერდა, რომ დანაყოფი 29155, რომელიც The New York Times-ის გამოძიებამ ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, და, ასევე, ბულგარელი იარაღით მოვაჭრის მკვლელობის მცდელობასთან და მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების ჩაშლილ მცდელობასთან იყო დაკავშირებული, ამ და სხვა ოპერაციებს საფრანგეთის ალპების ზემო სავოიის რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან გეგმავდა და ახორციელებდა.

კომენტარები