რუსი ჯაშუშები

Le Monde: საფრანგეთის ალპებში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ბაზა იყო

0 კომენტარი
ფოტო: Le Monde

ფრანგული გამოცემა Le Monde წერს, რომ საფრანგეთის ალპებში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ელიტარული დანაყოფის ბაზა იყო, რომელსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობების განსახორციელებლად იყენებდნენ.

გამოცემის მიხედვით დანაყოფი 29155 რომელიც The New York Times-ის გამოძიებამ ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, ასევე ბულგარელი იარაღით მოვაჭრის მკვლელობის მცდელობასთან და მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების ჩაშლილ მცდელობასთან დააკავშირდა, ამ და სხვა ოპერაციებს საფრანგეთის ალპების ზემო სავოიას რეგიონის სხვადასხვა ქალაქიდან გეგმავდა და ახორციელებდა.

Le Monde აქვეყნებს 15 პირის სახელს, რომლებსაც სპეციალურ დანაყოფთან ჰქონდათ კავშირი და 2014-დან 2018 წლამდე პერიოდში საფრანგეთის ალპებში სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდნენ. ისინი საფრანგეთიდან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში გადაადგილდებოდნენ.

გამოცემა ბრიტანული, შვეიცარიული, ფრანგული და ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების გამოძიებებს ეყრდნობა.

ზემო სავოიას რეგიონი შვეიცარიას ესაზღვრება და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონს წარმოადგენს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ აირჩიეს რუსულმა სადაზვერვო სამსახურებმა ეს ლოკაცია. გარდა საფრანგეთის ალპებისა ისინი ოპერაციებს ახორციელებდნენ მოლდოვის, მონტენეგროს და ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქებიდანაც.

The New York Times-ის გამოძიების მიხედვით დანაყოფი 29155 ბოლო ათწლეულია მოქმედებს და დასავლეთმა მხოლოდ ახლახანს აღმოაჩინა. მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ სად მოხდება შემდეგი დარტყმა. დანაყოფის მეთაური გენერალ-მაიორი ანდრეი ავერიანოვია. GRU-ს დანაყოფის შტაბბინა მოსკოვში, სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის შენობაში იყო.

2017 წელს გადაღებულ ფოტოში ანდრეი ავერიანოვი დაფიქსირებუია ანატოლი ჩეპიგასთან ერთად, რომელიც სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია. ავერიანოვმა 2015 წელს რუსეთის გმირის მედალიც მიიღო. ეს მედალი მიღებული აქვთ სკრიპალის მოწამვლაში ორივე ეჭვმიტანილს.

გამოცემის გამოძიებაში საუბარია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაზეც, რომელთანაც GRU-ს ორი კიბერ დანაყოფი, ცნობილი როგორც 26165 და 74455 არის დაკავშირებული. მათ ეროვნული დემოკრატიული კომიტეტისა და ჰილარი კლინტონის კამპანიის სერვერები გატეხეს და შემდეგ მოპარული ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

მათგან განსხვავებით 29155 დანაყოფის ოფიცრები ევროპულ ქვეყნებში მუშაობენ. გამოძიების მიხედვით მათი ნაწილი ავღანეთის, ჩეჩნეთის და უკრაინის კონფლიქტების ვეტერანია. დასავლელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ დანაყოფის ოპერაციები ისეა გასაიდუმლოებული, რომ მის შესახებ ინფორმაცია GRU-ს სხვა ნაწილებსაც არ აქვთ მასზე წვდომა.

2012 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამ დანაყოფს, მათ შორის 29155-ს და 74455-ს "სამხედრო სამსახურში სპეციალური მიღწევებისათვის" ბონუსები გადასცა. მესამე დანაყოფი არის 99450, რომელიც სავარაუდოდ 2014 წელს ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

მაისში, 2-თვეზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერის საავადმყოფოდან გაწერეს. ივლისში უილტშირში, სოლსბერისთან ახლოს, ორი ადამიანი ასევე ნოვიჩოკით მოიწამლა. მათგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

მათი მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთი ორივე ფაქტთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

საგამოძიებო ვებგვერდის Bellingcat-ის გამოძიების მიხედვით სკრიპალის მოწამვლის ოპერაციაში GRU-ს კიდევ ერთი აგენტი მონაწილეობდა. ის ბრიტანეთში იმავე დროს, სერგეი ვიაჩესლავოვიც ფედოტოვის პასპორტით ჩავიდა, თუმცა სინამდვილეში დენის ვიაჩესლავოვიჩ სერგეევია, GRU-ს მაღალი რანგის ოფიცერი, რომელმაც რუსეთის სამხედრო დიპლომატიური აკადემია დაამთავრა.

სწორედ Bellingcat-მა ამოიცნო პირველად ალექსანდ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელით მოქმედი GRU-ს აგენტები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც სკრიპალის მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები არიან. მიშკინი და ჩეპიგა ამის შემდეგ კრემლის პროპაგანდისტულ მედიის Russia Today-ს ეთერშიც გამოჩნდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ ბრიტანეთში ტურისტებად, სოლსბერის კათედრალის მოსანახულებლად ჩავიდნენ.

ბულგარეთი სოფიაში 2015 წელს იარაღით მოვაჭრის მოწამვლასა და სკრიპალის მოწამვლას შორის კავშირის გამოძიება დაიწყო, ვინაიდან სერგეი ფედოტოვი ბულგარეთს 3-ჯერ ეწვია, სწორედ იმ დროს, როდესაც ემილიან გაბრევი მოწამლეს.

ის ბრექსითის და კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმებამდეც რამდენიმეჯერ ეწვია ბრიტანეთს და ესპანეთს, კონკრეტულად კი ბარსელონას.

Le Monde-ს გამოძიების გამოქვეყნების პარალელურად კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი NATO-ს მტერი არ არის:

"ვინ არის NATO-ს მტერი? რუსეთი მტერი აღარაა. ის კვლავ რჩება საფრთხედ, მაგრამ ამასთანავე გარკვეულ საკითხებში პარტნიორიცაა. ჩვენი მტერი დღეს: საერთაშორისო ტერორიზმი, განსაკუთრებით ისლამისტური ტერორიზმი." დაწერა მან საკუთარ ტვიტერზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილოზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო და ერთი პირი დააკავა

კომენტარები