თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს, დადასტურებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. ინფიცირებულებიდან 3 სატვირთო მანქანის მძღოლია.
ექიმის თქმით, გუშინ კლინიკაში კორონავირუსისგან 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შეიყვანეს კიდევ 2 ინფიცირებული, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს.
"ეს ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია – ეს არის სომხეთის რესპუბლიკიდან. ისინი კარანტინში იყვნენ და მონიტორინგის დროს დაუდასტურდათ. მათი მდგომარეობა გამოკვლევებით არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია. დაავადების პროგრესირება არცერთთან არ შეინიშნება". – თქვა ეზუგბაიამ.
დღეს, 7 ივლისს, საქართველოში COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამჟამად საქართველოში COVID-19-ის 105 აქტიური შემთხვევაა.