გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის საქმის ექსპერტი: ძნელი წარმოსადგენია, ერთ პირს მიეყენებინა ამდენი დაზიანება

შაქარაშვილის საქმის დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ძნელი წარმოსადგენია, გიორგი შაქარაშვილისთვის დაზიანებები, რაც მას აქვს, ერთ პირს მიეყენებინა. 

"მათი ხასიათიდან, ლოკალიზაციიდან და მხარეობიდან გამომდინარე", - ეუბნება გეჯაძე ტელეკომპანია პირველს

მისივე თქმით, შაქარაშვილს დაზიანებები, მაღალი ალბათობით, მკვრივი ბლაგვი საგნის ძლიერი ჩარტყმითა და წაქცეულზე ფეხის არაერთჯერადად ძლიერი ჩარტყმით მიაყენეს. მისივე თქმით, მიყენებული დაზიანებების გამო არ გამოირიცხება, რომ შაქარაშვილს გონება დაეკარგა. 

"ცალსახაა, რომ მას სახის მიდამოში აღენიშნება ორივე თვალბუდეში მასიური სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთები. აღენიშნება ვრცელი სისხლნაჟღენთები, რომლებიც გადადის ცხვირის გვერდითა ზედაპირებზე. რაც ასევე საკმაოდ ყურადსაღებია - შუბლის მიდამოში ერთ-ერთი სისხლნაჟღენთის შესაბამისად უკვე კანის ბოლო ფენასთან მიმართებაში, ანუ რბილი საფარის ქვეშ, აღენიშნება სისხლჩაქცევა. ეს ყველაფერი ცალსახად მიუთითებს, რომ ჰქონდა სახის მიდამოს ტრავმა და, მაღალი ალბათობით, ამ შემთხვევაში, სულ ცოტა, ქალა-ტვინის ტრავმას თავის ტვინის შერყევის სახით ადგილი უნდა ჰქონოდა. ამ შემთხვევაში არ გამოირიცხება არც გონების დაკარგვა", - ამბობს ის.

გეჯაძე სრულად იზიარებს 10 ივლისს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე წერია, რომ სიკვდილამდე შაქარაშვილს დაზიანებების აქვს მიყენებული. 

"სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში", - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გარდაცვალების პროცესში თითქმის ფხიზელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ აქამდე მხოლოდ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. 

თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო - 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები