აია-სოფია

ერდოღანი აია-სოფიაზე: გადაწყვეტილება საკუთარი ნების და უფლებების საფუძველზე მივიღეთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიაში
Daily Sabah

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე კრიტიკას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ეს თურქეთის სუვერენული უფლებაა და კრიტიკას არ მიიღებს.

"ისინი, ვინც საკუთარ ქვეყნებში ისლამოფობიის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს, თურქეთს თავს ესხმიან საკუთარი სუვერენული უფლების გამოყენების გამო... ჩვენ გადაწყვეტილება საკუთარი  სურვილისა და უფლებების საფუძველზე მივიღეთ და არა იმის მიხედვით, თუ რას ამბობენ სხვები, ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ სირიის, ლიბიის და სხვა შემთხვევებში". - თქვა მან.

აია-სოფიაში მუსლიმური ლოცვა 24 ივლისიდან დაიწყება. ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აია-სოფიამ მუზეუმის სტატუსი მიიღო.

ამავე დღეს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებების შემთხვევაში აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

გაეროს სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აია-სოფია სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილია და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესულია მუზეუმის სტატუსით, რასაც თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.

"შესაბამისად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ისეთი ცვლილებები, რაც ამ ტერიტორიაზე არსებული საკუთრების გამორჩეულ უნივერსალურ ღირებულებას შეცვლის. ნებისმიერი ცვლილებისათვის აუცილებელია, ქვეყანამ წინასწარ აცნობოს UNESCO-ს და შემდეგ, საჭიროების მიხედვით, საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა შეისწავლოს". - ვკითხულობთ განცხადებაში.

UNESCO-ში განაცხადეს, რომ მათ არაერთი წერილით მიმართეს თურქეთს, გაითვალისწინოს ეს გარემოებები და დაიცვას მემკვიდრეობის უნიკალურობა და მნიშვნელობა.

"მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, ჩაერთოს დიალოგში, სანამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რაც ძეგლის უნივერსალურ ღირებულებაზე მოახდენს გავლენას". - ვკითხულობთ განცხადებაში.

აია-სოფიას ისტორიის და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში - წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები