გიორგი შაქარაშვილის საქმე

ადმინისტრაცია: ომბუდსმენი არასდროს რეაგირებს ქალი პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, სახალხო დამცველმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში, "თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ მუქარაზე". ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობა თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ზედამხედველობაა. პრეზიდენტი სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ამ პირობებში, ომბუდსმენმა შეაფასა ძალადობაზე გაკეთებულ მისი განცხადება, რომელიც "ერთი ერთზე ჩხუბს" ეხებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი "ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, ძალიან არაქართული" - ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობის, არამედ აღიარებისა და მონანიებისკენ. 
 
"სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ, როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს. 
 
მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 16 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე.
 
არა მხოლოდ ზემოხსენებული განცხადება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ. მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობის, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ. 
 
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის და, შესაბამისად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი, იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა ხელს შეუწყობს ამ საქმის სრულყოფილ გამოძიებას, დაიცავს ოჯახს ბულინგისა და საზოგადოებას დაძაბულობისგან და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას", - აცხადებს ადმინისტრაცია.

კომენტარები