ქართული ოცნება

ოცნებამ ახალქალაქში მაჟორიტარ კანდიდატად ენზელ მკოიანი აღარ წარადგინა

ქართულმა ოცნებამ ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ წარადგინა. 

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი, პარტიული სიით გასული მოქმედი დეპუტატი, სამველ მანუკიანი იქნება. 

მმართველმა გუნდმა 30 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. 

ენზელ მკოიანის სახელსა და გვარს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეც. ბოლო გახმაურებული ამბავი კი 26 მარტს მოხდა, როდესაც ახალქალაქში მკოიანი და პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი  ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით  ესროდნენ. 

მკოიანი ამტკიცებდა, რომ პეტროსიანი მის მოკვლას აპირებდა და მხოლოდ თავდაცვის მიზნით, აუცილებელი მოგერიებიდან გამომდინარე რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა, გავრცელებული ახალი კადრებით ჩანს, რომ ადგილზე სამართალდამცველებიც არიან, შესაბამისად, მკოიანს საკუთარი იარაღის გამოყენება არ უნდა დასჭირვებოდა. 

კადრებში ისიც ჩანს, რომ ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატი იარაღს ტენის და მეგობრებთან ერთად მოქალაქეს დამიზნებული იარაღით მისდევს, პოლიცია კი მას დაკავების ნაცვლად ეხუტება და ასე ცდილობს მის დამშვიდებას, რის შედეგადაც, მკოიანი მას უხეშად იშორებს და აგრძელებს მოქალაქისთვის დადევნებას. 

დაპირისპირების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრომ არა ენზელ მკოიანი, არამედ პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმიშვილი დააპატიმრა. 

ტაბულა დაუკავშირდა უწყებას კითხვით, რატომ არ შეუზღუდეს თავისუფლება მკოიანი, რომელიც გადატენილი იარაღით მოქალაქეს მისდევდა და ასევე რატომ არ დაიწყო მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. 

კომენტარები