კორონავირუსი საქართველოში

"არ სჯერათ, რომ COVID-19 არსებობს" - გამყრელიძე ყარაჯალარის ჩაკეტვის მიზეზს განმარტავს

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლოს ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმატავს, თუ რატომ ჩაიკეტა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი. 

გამყრელძის თქმით, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ყარაჯალარში ნაკლები დამყოლობა იყო, მისივე თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს და ამიტომ ტესტირებაზე უარს ამბობდნენ. 

"გვინდოდა, რომ არ ჩაკეტილიყო სოფელი და გაფართოებული ტესტირება გვეწარმოებინა. სამწუხაროდ, არ მოგვეცა ამის საშუალება. ამიტომაც, მიღებული იქნა რადიკალური ზომა და დღეს დილიდან ჩაიკეტა ყარაჯალარი. მოსახლეობა არის კარანტინში და მიმდინარეობს ასევე გაფართოებული ტესტირება. 

მოსახლეობის წინააღმდეგობის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ არ სჯერათ, რომ ამ ტიპის ვირუსული ინფექცია არსებობს. უმრავლესობა ამას ადარებს ჩვეულებრივ სურდოს, გრიპს. არ სჯერათ, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს. გარკვეულად, შიშიც არის, რომ დაკარგავენ სამუშაო ადგილს, ყოველდღიურ შემოსავალს. მოგეხსენებათ, ბევრი მათგანი ვაჭრობს სხვადასხვა ბაზრობაზე - იქნება ეს ლილოს თუ სხვა ბაზრობები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იყო რეზისტენტობა. 

თანდათან ჩვენი სამედიცინო პერსონალი მათ არწმუნებს, რომ აუცილებელია და თანდათან დამყოლობა იზრდება", - ამბობს გამყრელიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 26 შემთხვევაა დადასტურებული. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო სოფელი დღეს, 24 ივლისს ჩაიკეტა.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

კომენტარები