Tik Tok

ტრამპი აშშ-ში Tik Tok-ის აკრძალვას აპირებს

AS English

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეერთებულ შტატებში ჩინური მოკლე ვიდეოების აპლიკაციის, Tik Tok-ის აკრძალვას აპირებს. მისი თქმით, 1-ელ აგვისტოს ამ გადაწყვეტილებაზე ხელს მოაწერს. 

"ჩვენ მას [Tik Tok] აშშ-ში ავკრძალავთ... დოკუმენტს ხვალ ხელს მოვაწერ," - განუცხადა პრეზიდენტმა 31 ივლისს ჟურნალისტებს. 

პრეზიდენტის თქმით, მას შეუძლია, ეს სააღმსრულებლო აქტით გააკეთოს.

პოპულარული აპლიკაცია TikTok ჩინურმა კომპანია ByteDance-მა შექმნა საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებისთვის. TikTok ჩინური აპლიკაციის Douyin-ის ანალოგია. ეს ერთი და იგივე აპლიკაციაა, რომლებიც სხვადასხვა სერვერზეა განთავსებული, რათა აპლიკაციის ჩინური ვერსია ჩინეთის რეგულაციებს შეესაბამებოდეს.

აპლიკაციას ადანაშაულებენ ჩინეთის სახელმწიფოსთან კავშირსა და მომხმარებელთა ინფორმაციის ჩინეთში გაგზავნაში. გასულ თვეებში ამერიკაში შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ  პეკინისადმი კრიტიკულ ვიდეოებს TikTok ცენზურას ადებს. არაერთმა ამერიკელმა სენატორმა ითხოვა კომპანიის საქმიანობაზე გამოძიების ჩატარება.

7 ივლისს Fox News-თან საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ განიხილავდა ჩინური სოციალური მედიააპლიკაციების, მათ შორის TikTok-ის აკრძალვის შესაძლებლობას.

“მხოლოდ მაშინ უნდა ჩამოტვირთოთ ეს აპლიკაცია, თუკი გსურთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში აღმოჩნდეს”. – თქვა პომპეომ. 

30 ივნისს ინდოეთის მთავრობამ 59 ჩინური აპლიკაცია, მათ შორის, ცნობილი ვიდეოების აპლიკაცია TikTok და ჩინეთში Facebook-ის მსგავსი აპლიკაცია, WeChat აკრძალა.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, აპლიკაციები ინდოეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და "საზიანოა ინდოეთის სუვერენიტეტის, ერთიანობის, თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის".

აკრძალვას წინ უძღოდა 15 ივნისს გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე მომხდარი დაპირისპირება, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

კომენტარები