ინდოეთი-ჩინეთი

ინდოეთმა 59 ჩინური აპლიკაცია აკრძალა, მათ შორის, TikTok და WeChat

0 კომენტარი
ფოტო: ZDNet

ინდოეთის მთავრობამ 59 ჩინური აპლიკაცია, მათ შორის, ცნობილი ვიდეოების აპლიკაცია TikTok-ი და ჩინეთში Facebook-ის მსგავსი აპლიკაცია, WeChat აკრძალა.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, აპლიკაციები ინდოეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და "საზიანოა ინდოეთის სუვერენიტეტისთვის, ერთიანობისთვის, თავდაცვისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის".

აკრძალვას წინ უძღოდა 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე მომხდარი დაპირისპირება, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

ინდოეთის ინფორმაციის ტექნოლოგიის სამინისტრომ ჩინური აპლიკაციები მას შემდეგ აკრძალა, რაც მათზე სხვადასხვა წყაროდან არაერთი საჩივარი მიიღო, რომ აპლიკაციებით იპარავდნენ და ფარულად, უნებართვოდ გზავნიდნენ მომხმარებელთა ინფორმაციას.

სამინისტროს განცხადებით, მათ საგანგებო ზომები უნდა მიეღოთ. 

პოპულარული აპლიკაცია TikTok-ი ჩინურმა კომპანიამ, ByteDance-მა შექმნა საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებისთვის. TikTok-ი არის ჩინური აპლიკაციის Douyin-ის ანალოგი. ეს ერთი და იგივე აპლიკაციაა, რომლებიც სხვადასხვა სერვერზეა განთავსებული, რათა აპლიკაციის ჩინური ვერსია ჩინეთის რეგულაციებს შეესაბამებოდეს.

აპლიკაციას ადანაშაულებენ ჩინეთის სახელმწიფოსთან კავშირსა და მომხმარებელთა ინფორმაციის ჩინეთში გაგზავნაში. გასულ თვეებში ამერიკაში შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებ, რომ TikTok-ი პეკინისადმი კრიტიკულ ვიდეოებს ცენზურას ადებს. არაერთმა ამერიკელმა სენატორმა კომპანიის საქმიანობაზე გამოძიების ჩატარება ითხოვა.

აკრძალულ სიაში მოხვედრილ ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა, მაგალითად, Facebook-ის მსგავსი WeChat-ი და Twitter-ის მსგავსი Weibo, სრულიად აკონტროლებს ჩინეთის მთავრობა. ამ სოციალურ ქსელებში პეკინისადმი კრიტიკული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის სიმბოლოების შემცველი შინაარსის გაზიარებას სწრაფად ადებენ ცენზურას. კონტინენტურ ჩინეთში მსგავსი ქმედება, ხშირ შემთხვევაში, დასჯადია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები