ინდოეთი-ჩინეთი

ჩინეთმა არუნაჩალ პრადეშში 30-მდე ადგილს სახელი შეუცვალა – ინდოეთი აპროტესტებს

თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ჩინეთის საზღვართან მდებარე არუნაჩალ პრადეშის შტატში, ტეზპურ-ტავანგის გზატკეცილზე, 2012 წლის 29 მაისი
Reuters/File Photo

2 აპრილს ინდოეთმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე არუნაჩალ პრადეშის შტატში ჩინეთის მიერ 30-მდე ადგილისთვის სახელის შეცვლა გააპროტესტა, პეკინის ნაბიჯს "სულელური" უწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შტატი ინდოეთის ტერიტორიის "განუყოფელი" ნაწილია.

"გამოგონილი სახელების მინიჭება არ შეცვლის იმ რეალობას, რომ არუნაჩალ პრადეში არის, იყო და ყოველთვის იქნება ინდოეთის ხელშეუვალი და განუყოფელი ნაწილი". - თქვა ინდოეთის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რანდჰირ ჯაისვალმა.

ჩინეთის მტკიცებით, არუნაჩალ პრადეში, რომელსაც  თავად წანგნანად მოიხსენიებს, მის ტერიტორიაშია და შტატს სამხრეთ ტიბეტის ნაწილად მიიჩნევს. პეკინმა შაბათს, 30 მარტს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც შტატში "სახელმწიფო საბჭოს ადგილების სახელების მართვის შესაბამისი რეგულაციების შესაბამისად", 30-მდე ადგილის სახელის სტანდარტიზება მოახდინა.

20 მარტს არუნაჩალ პრადეშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და თქვა, რომ შეერთებული შტატები მას ინდოეთის ნაწილად აღიარებს და "მტკიცედ ეწინააღმდეგება" შტატზე ტერიტორიული პრეტენზიების განხორციელების ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას.

21 მარტს ჩინეთი აშშ-ს განცხადებას შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ ინდოეთი-ჩინეთის საზღვარი ამ ორი ქვეყნის საქმეა და აშშ-ს მასთან არაფერი აქვს საერთო.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 24 აგვისტოს ჩინეთმა გამოაქვეყნა ახალი "სტანდარტული რუკა", რომლის მიხედვითაც არუნაჩალ პრადეშის შტატი და აკსაი ჩინის პლატო, რომლებსაც ინდოეთი საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, ჩინეთის შემადგენლობაშია შეყვანილი.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 3 წლის წინ, აქსაი ჩინ-ლადახში სასიკვდილო შეტაკების შემდეგ დაიძაბა.

ჰიმალაის მთებზე გამავალი საზღვრის არაერთი მონაკვეთი დიდი ხანია ნიუ დელისა და პეკინს შორის უთანხმოების საგანია. 1962 წელს დაპირისპირება გადაიზარდა ომში, რომელიც ჩინეთის გამარჯვებით დასრულდა. კონფლიქტის შემდეგ დადგენილმა დე ფაქტო საზღვარმა, რომელსაც არსებული კონტროლის ხაზი (LAC) ეწოდება, დაძაბულობა ვერ განმუხტა.

კომენტარები