ინდოეთი-ჩინეთი

სიმშვიდე შეინარჩუნეთ – ჩინეთი ახალ რუკასთან დაკავშირებით ინდოეთის პროტესტს პასუხობს

ინდოელი მესაზღვრეები ჩინეთთან სადავო ტერიტორიაზე ლადახში, 2021 წელი.
GETTY IMAGES

ჩინეთმა ინდოეთის მიერ ახალ რუკასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს უპასუხა და ქვეყნის მაღალჩინოსნებს "სიმშვიდის შენარჩუნებისკენ" მოუწოდა.

"კანონის შესაბამისად ჩინეთის სუვერენიტეტის განხორციელება რუტინული პრაქტიკაა. ვიმედოვნებთ შესაბამისი მხარეები სიმშვიდეს და ობიექტურობას შეინარჩუნებენ და საკითხის გადაჭარბებული ინტერპრეტირებისგან თავს შეიკავებენ". - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვანგ ვენბინმა.

პარალელურად, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ, სავარაუდოდ, სი ძინფინგი 9-10 სექტემბერს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში დაგეგმილ G20-ის სამიტს გამოტოვებს და მის მაგივრად ღონისძიებას ჩინეთის პრემიერმინისტრი, ლი ციანგი დაესწრება.

ოფიციალურმა ნიუ-დელიმ პროტესტი ჩინეთის მიერ 24 აგვისტოს გამოქვეყნებულ ახალ, "სტანდარტულ რუკასთან" დაკავშირებით გამოხატა. რუკის მიხედვით, არუნაჩალ პრადეშის შტატი და აკსაი ჩინის პლატო, რომლებსაც ინდოეთი საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, ჩინეთის შემადგენლობაშია შეყვანილი. ჩინეთის ახალ რუკას სხვა ქვეყნებიც კრიტიკით შეხვდნენ.

ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რუკას ინდოეთის, მალაიზიისა და ტაივანის კრიტიკა მოჰყვა

აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოს ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი სადავო საზღვართან დაკავშირებით არსებული დაძაბულობის განმუხტვის მცდელობის ფარგლებში იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტის მიმდინარეობისას ერთმანეთს შეხვდნენ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 3 წლის წინ, აქსაი ჩინ-ლადახში სასიკვდილო შეტაკების შემდეგ დაიძაბა.

ჰიმალაის მთებზე გამავალი საზღვრის არაერთი მონაკვეთი დიდი ხანია ნიუ დელისა და პეკინს შორის უთანხმოების საგანია. 1962 წელს დაპირისპირება გადაიზარდა ომში, რომელიც ჩინეთის გამარჯვებით დასრულდა. კონფლიქტის შემდეგ დადგენილმა დე ფაქტო საზღვარმა, რომელსაც არსებული კონტროლის ხაზი (LAC) ეწოდება, დაძაბულობა ვერ განმუხტა.

კომენტარები