ლიბანი

ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

ჰასაბ დიაბი
Reuters

ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. განცხადება ამის შესახებ ლიბანის პრემიერ მინისტრმა ორშაბათ საღამოს გაავრცელა. პრემიერ მინისტრის თანახმად ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქება და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები საყოველთაო კორუფციის შედეგი იყო.

"ეს ტრაგედია ქრონიკული კორუფციის შედეგია. კორუფციის ქსელი სახელმწიფოზე უფრო დიდია" -  განაცხადა პრემიერ მინისტრმა ჰასან დიაბმა.

განცხადება მთავრობის გადადგომის შესახებ ჰასან დიაბმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ გააკეთა, როგორც შეხვედრაზე გაირკვა მინისტრთა უმეტესობას გადადგომა სურდა.

თანამდებობიდან გადამდგარი მინისტრები სამსახურეობრივ მოვალეობას მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნამდე შეასრულებენ.

შაბათს პრემიერ მინისტრმა დიაბმა განცხადა, რომ ოფიციალურად მოითხოვდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქება ბევრი ლიბანელისთვის ბოლო წვეთი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ქვეყანა უკვე თვეებია კრიზისში, ეკონომიკური კოლაფსის პირას იმყოფება. კორუფცია და არაეფექტური მთავრობა ქვეყანაში დიდ პრობლემას წარმოადგენს.

აფეთქების შემდეგ ბეირუთში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყო. მოსახლეობა მთავრობას დაუდევრობასა და არაეფექტურ მმართველობაში ადანაშაულებდა.

ბეირუთის პორტის საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. ამონიუმის ნიტრატი ადვილად აალებადი, ფეთქებადი ნივთიერებაა. პორტის საწყობში ის უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე 2013 წლიდან ინახებოდა.

მძლავრ აფეთქებას შეეწირა 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, დაშავდა 6000-ზე მეტი ადამიანი. 300 000 ადამიანი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა. აფეთქებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი 10-15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აფეთქების გამოძიება დაწყებულია. ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დაიფიცა, რომ გამოძიება გამჭვირვალე იქნებოდა და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯებოდა.

კომენტარები