ლიბანი

ლიბანის პრეზიდენტი გადადგომაზე: შეუძლებელია, ეს ვაკუუმს შექმნის

მიშელ აუნი

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა თქვა, რომ მისი გადადგომა შეუძლებელია. მას თანამდებობის დატოვებისაკენ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ მოუწოდეს. უკვე გადადგა ლიბანის მთავრობა. 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მდებარე საწყობში მომხდარ აფეთქებას 170 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 6 000-ზე მეტი.

ფრანგულ არხ BFM-ზე აუნის ინტერვიუ გავიდა, რომელშიც მიშელ აუნი შესაძლო გადადგომაზე საუბრობს:

"შეუძლებელია, რადგან ეს ვაკუუმს შექმნის. მთავრობა გადადგა. მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ გადავდექი. ვინ უზრუნველყოფს ძალაუფლებას? მე რომ გადავდგე არჩევნები მაშინვე უნდა ჩატარდეს. ამ მდგომარეობაში ქვეყანაში არჩევნების ორგანიზება შეუძლებელია". – თქვა მან.

მან აფეთქების გამომწვევი მიზეზების გამოძიებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ შედეგები ისე სწრაფად ვერ დადგება, როგორც სურდათ.

აფეთქებამდე ლიბანში ეკონომიკური კრიზისი იყო და საპროტესტო აქციები იმართებოდა. ოქტომბრის შემდეგ ვალუტა 70%-ით გაუფასურდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით 2020 წელს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იქნება.

გასულ კვირას საერთაშორისო საზოგადოება ქვეყანას დახმარების სახით 300 მილიონი აშშ დოლარის გადაცემას დაჰპირდა.

მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებისას პრემიერმინისტრმა ჰასან დიაბმა თქვა, რომ აფეთქება და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები საყოველთაო კორუფციის შედეგი იყო. თანამდებობიდან გადამდგარი მინისტრები სამსახურეობრივ მოვალეობას მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნამდე შეასრულებენ.

ბეირუთის პორტის საწყობში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. ამონიუმის ნიტრატი ადვილად აალებადი, ფეთქებადი ნივთიერებაა. პორტის საწყობში ის უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე 2013 წლიდან ინახებოდა.

აფეთქების გამოძიება დაწყებულია. მიშელ აუნმა დაიფიცა, რომ გამოძიება გამჭვირვალე იქნებოდა და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯებოდა.

როგორ აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთის მოწინავე ქვეყანა კოლაფსის პირას, წაიკითხეთ ვრცლად ტაბულას სტატიაში.

კომენტარები