ბელარუსი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბელარუსზე: ევროკავშირმა დაიწყო მუშაობა სანქციებზე

შარლ მიშელი
Reuters

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ Twitter-ზე საბჭოს წევრებისათვის მიწვევა გაავრცელა. ვიდეო კონფერენცია 19 აგვისტოს უნდა გაიმართოს და ევროპული საბჭოს წევრებმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე უნდა იმსჯელონ.

"ბელარუსის არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა შოკისმომგვრელია და უნდა დაიგმოს.

პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

ევროკავშირმა დაიწყო მუშაობა სანქციებზე". – წერს შარლ მიშელი.

მიწვევის წერილში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასულ კვირას განიხილეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენები და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე გადაწყვიტეს, რომ ვიდეო კონფერენცია გაიმართოს საკითხზე სამსჯელოდ.

"ბელარუს ხალხს აქვს უფლება თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. ამისათვის უნდა შეწყდეს ძალადობა და უნდა დაიწყოს მშვიდობიანი დიალოგი. ბელარუსის ლიდერები ხალხის ნებას უნდა წარმოადგენდნენ. არ უნდა იყოს საგარეო ჩარევა. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩვენ ვიმსჯელებთ რეაგირების საუკეთესო გზის შესახებ". – ნათქვამია წერილში.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

დღეს, 17 აგვისტოს, ევროპარლამენტარებმა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც დღეს, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

კომენტარები