ბელარუსი

ბელარუსში 263 მომიტინგე და 17 ჟურნალისტი დააკავეს

AP

27 აგვისტოს ბელარუსში 263 მომიტინგე და 17 ჟურნალისტი დააკავეს. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტები ავრცელებენ.

ბელარუსის ვენის ადამიანის უფლებათა ჯგუფმა დაკავებულების სახელები საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ისინი მინსკში გამართული საპროტესტო აქციის დრო დააკავეს.

გარდა ამისა, გამოქვეყნებულია დაკავებული 17 ჟურნალისტის ვინაობა. 4 მათგანი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებს, Reuters-ს და Associated Press-ს წარმოადგენს. ისინი მიმდინარე აქციების გაშუქებას გეგმავდნენ. დაკავებულები პოლიციაში ვინაობის გადასამოწმებლად წაიყვანეს. მათი ნაწილი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კამერებით და ტელეფონებით გადაღებული ფოტოების წაშლა აიძულეს. მათ, ვინც მასალის წაშლაზე უარი თქვა ამ დრომდე არ ათავისუფლებენ.

დაკავებულია ოპოზიციის გარდამავალი საბჭოს ორი წევრიც. ოლღა კოლავკოვას და სერგეი დილევსკის უკანონო შეკრებების მოწყობის ბრალდებით 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გარდამავალი საბჭოს წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს, იმ ქმედებებისკენ მოწოდებას, რომლებიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ. 361-ე მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოიცავს. პროკურატურის განცხადებით, საბჭოს მიზანია ძალაუფლების მიტაცება და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას და არღვევს ბელარუსის კონსტიტუციას.

დაკითხვაზე დაიბარეს საბჭოს წევრი, ნობელიატი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩიც. დაკითხვაზე ალექსიევიჩი 26 აგვისტოს მივიდა და შენობა 15 წუთში დატოვა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ გამოძიების კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლეს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ლუკაშენკოს დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება. კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ მზად არიან, დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

დღეს, 27 აგვისტოს კი რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ მას სთხოვა, შექმნას სარეზერვო პოლიციის ძალა, თუმცა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს მას მანამდე, სანამ კრიზისი კონტროლს გასცდება.

კომენტარები