სომხეთი-აზერბაიჯანი

საგარეო ყარაბაღში დაპირისპირებაზე: მზად ვართ, ნებისმიერი ფორმით შევუწყოთ ხელი დეესკალაციას

Getty Images

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებას ეხმაურება. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. საქართველო კი მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

"შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტისა და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის. ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობას დამყარებას". – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, არის მსხვერპლი ორივე მხარეს. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

კომენტარები