არჩევნები 2020

მდინარაძე: ბოლნისში ენმ-ის წევრები ჩვენს აქტივისტებს ჩვენივე შტაბთან დაესხნენ თავს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ბოლნისში ფიზიკური დაპირისპირება არა ნაციონალური მოძრაობის, არამედ, ქართული ოცნების შტაბის წინ მოხდა. ის ენმ-ს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კონფლიქტი სწორედ ოპოზიციური პარტიის "პროვოკაციული ქმედებების და ძალადობის შედეგად" გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

"კონფლიქტის ესკალაცია შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ენმ-ის აქტივისტები ქვებით, ხელკეტებით და მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მიიღეს მძიმე დაზიანებები. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოშია.

მომხდარიდან რამდენიმე წუთში ენმ-ის მედია აუწყებდა საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა ენმ-ის შტაბსა და მათ აქტივისტებზე, მაშინ როდესაც, ინციდენტი მოხდა ქართული ოცნების შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები.

ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის მათი უცვლელი მეთოდი - სიცრუის და ძალადობის გამოყენება" - ამბობს მდინარაძე და მოუწოდებს მხარდამჭერებს, "არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციებისთვის და მაქსიმალური მოთმინებით მივუდგეთ მათ ქმედებებს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში წარიმართოს და არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ".

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები