ევროკავშირი - ბელარუსი

ევროკავშირი ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს

შარლ მიშელი
Reuters

ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სანქციები შეეხება 40 ოფიციალურ პირს, რომლებსაც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და საპროტესტო აქციების ძალადობრივ დარბევაში ადანაშაულებენ. სანქციები არ შეეხება ალექსანდრ ლუკაშენკოს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განმარტებით, სანქციების დაწესების შემთხვევში ლუკაშენკომ შეიძლება აღარ შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, არ დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან და არ გაათავსიფულოს პოლიტპატიმრები.

სანქციები ძალაში 2 ოქტომბერს შევა.

ბელარუსის ხელისუფლბის წევრებს სანქციები უკვე დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ბალტიის ქვეყნებმა.

კანადა, გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ.

ევროკავშირის მხრიდან ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრები თვეზე მეტია მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები ჩიხში მაშინ შევიდა, როცა კვიპროსმა სანქციების დაწესება თურქეთისთვისაც მოითხოვა. სანქციების დაწესებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. კვიპროსი უარს ამბობდა, მხარი დაეჭირა ბელარუსი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებაზე, სანამ თურქეთის საკითხს არ განიხილავდნენ.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავენ დეკემბერში და, თუ თურქეთი ნავთობისა და გაზის მოპოვებას გააგრძელებს ხმელთაშუა ზღვის სადავო წყლებში, მაშინ სანქციები მასაც დაუწესდება

კომენტარები