აშშ-ს არჩევნები 2020

NBC/WSJ-ს გამოკითხვა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე: ბაიდენი - 53%, ტრამპი - 39%

ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი
AP

NBC-მ და Wall Street Journal-მა მათ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 53% მხარს დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ჯო ბაიდენს უჭერს, 39% კი მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს.

გასულ თვეს კიდევ რამდენიმე მსგავსი გამოკითხვა გამოქვეყნდა, მათ შორის იყო Fox News-ის, რომლის მიხედვითაც, ბაიდენმა 51% აიღო, ტრამპმა კი 46%.

აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ, 2 ოქტომბერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც, ექიმების თქმით, შესაძლოა უახლოეს პერიოდში გაწერონ. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტი მუშაობას განაგრძობს, თუმცა, ვირუსის დამარცხებამდე წინასაარჩევნო შეხვედრებს ვერ გამართავს.

ამჟამად წინასაარჩევნო შეხვედრებს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ატარებს. მას დაგეგმილი აქვს ამომრჩევლებთან შეხვედრა არიზონასა და ნევადაში, ასევე დედაქალაქ ვაშინგტონში, შემდეგ კი, 7 ოქტომბერს დებატებს გამართავს დემოკრატიული პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, სენატორ კამალა ჰარისთან.

ტრამპმა და ბაიდენმა კიდევ ორი დებატები უნდა ჩაატარონ, რომლებიც 15 და 22 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თუმცა მათი ჩატარება პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. პირველი დებატების შემდეგ, აშშ-ს საპრეზიდენტო დებატების კომისია ფორმატის შეცვლას განიხილავს.

კომენტარები