არჩევნები 2020

აბესაძე: ივანიშვილმა იპოდრომის ტერიტორიის 8 ჰა დაიტოვა, მერიას არამომგებიანი ნაწილი გადასცა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მერიას იპოდრომის ტერიტორიის მხოლოდ ის ნაწილი გადასცა, სადაც ნულოვანი ეკონომიკური მოგების ნახვა შეეძლებოდა.

ირაკლი აბესაძე ამბობს იმასაც, რომ ფონდმა ქართუმ საკუთრებაში დაიტოვა 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც მომავალში, შესაძლოა, აშენდეს სხვადასხვა კომერციული ტიპის ფართი. 

"ქართუ ჯგუფმა, ივანიშვილმა და კალაძემ მორიგი წინასაარჩევნო ფარსი შესთავაზეს საზოგადოებას, რომ თითქოს, იპოდრომის ტერიტორია უბრუნდება სახელმწიფოს და იქ გაჩნდა ცენტრალური პარკის აშენების ახალი პროექტი. სინამდვილეში იპოდრომის ტერიტორია ივანიშვილის საკუთრებაში არის 2009 წლიდან და აქ პარკის გაშენების ვალდებულება მესაკუთრე კომპანიას აღებული აქვს 2007 წლიდან. 

ივანიშვილმა 2020 წლის ივნისში იპოდრომის ტერიტორია გაყო ორ ნაწილად. ცენტრალური მოედანი, სადაც ნულოვანი ეკონომიკური ინტერესი შეიძლება ჰქონოდა ივანიშვილს და ვერანაირ მოგებას ვერ ნახავდა, გადასცა სახელმწიფოს, ხოლო 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, თამარაშვილის ქუჩის მხარეს, სადაც არის ყველაზე ხშირი გამწვანება და ის მთლიანი იპოდრომის ორგანული ნაწილი იყო თავიდანვე, ქართუ ჯგუფმა საკუთრებაში დაიტოვა. სინამდვილეში, ივანიშვილი იპოდრომზე საკუთარ ეკონომიკურ ინტერესს ინარჩუნებს და მოიშორა აქტივი, რომელსაც მისთვის მოგების მოტანა არ შეეძლო". – ამბობს ირაკლი აბესაძე. 

დეპუტატი კითხვით მიმართავს თბილისის მერს, კახა კალაძეს, აპირებს თუ არა, რომ ივანიშვილს მისცეს უფლება იმ 80 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე ააშენოს სასტუმროები და რესტორნები. აბესაძე კითხვით მიმართავს ქართუ ჯგუფსაც, რატომ დაიტოვეს საკუთრებაში 8 ჰექტარი და სრულად რატომ არ აბრუნებენ იპოდრომის ტერიტორიას, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. 

"და მთავარი მოთხოვნა – თუ ვსაუბრობთ იპოდრომის დაბრუნებაზე, დააბრუნოს იპოდრომი სრულად და ნუ დაიტოვებს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს კერძო საკუთრებაში და შემდგომ ნუ მოხდება იქ ხეების გაჩეხვა და ივანიშვილის სასტუმროების, თუ ბიზნეს ცენტრების მშენებლობა, როგორც ეს მოხდა ბოტანიკურ ბაღში, თუ თაბორის მთაზე". – ამბობს ირაკლი აბესაძე.

დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეს ტერიტორია საკუთარი კერძო კომპანიისგან საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით გამოისყიდა 60 მილიონ ლარად, რის შემდეგაც ის სახელმწიფოს გადასცა. 

"ეს არის შავით თეთრზე ნაწერი და გაშიფრული თაღლითობა. თუ სახელმწიფოსთვის ჩუქება სურდა ივანიშვილს, მას შეეძლო კერძო კომპანიიდანვე ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის და მოქმედი საგადასახადო კოდექსით ეს ოპერაცია არ დაიბეგრებოდა. რატომ გადაიდო ერთი ჯიბიდან მეორეში 60 მილიონი ლარი? აქ ჩნდება მთავარი შეკითხვა, ხომ არ არის ფონდ ქართუში ოფშორული კომპანიებიდან ჩარიცხული შემოწირულობა და ხომ არ ხდება ფულის გათეთრება? და ასევე, როდესაც ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდო 60 მილიონი, ხომ არ სურს ეს ფული უკანონოდ გამოიყენოს ქართული ოცნების პარტიული საქმიანობის დაფინანსებისთვის?" – თქვა დეპუტატმა. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ იპოდრომის ტერიტორია თბილისის მერიას გადასცა 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გავრცელდა. დღეს, 6 ოქტომბერს მერიამ ცენტრალ პარკის პროექტის პრეზენტაცია გამართა

კახა კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე იქნება იაპონური პარკი, ასევე, საგანმანათლებლო ტერიტორია, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, გუბურა. ასევე, მერის თქმით, ცენტრალურ პარკში იქნება ამფითეატრი, ბოტანიკური ბაღი, შადრევანი და პანორამული ხიდი, ფრანგული ბაღი, კვების ზონა და მდელო. 

ასევე, კალაძის თქმით, ცხოველებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე, "ადამიანებს ხელი რომ არ შეუშალონ." 

მერის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში 26 ზონა იქნება, მათ შორის, სპორტის ზონა - საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ასევე, სკეიტ პარკი, ზიპლაინი, სასაზღვრო სატყეო ზონა და ა.შ. მისივე თქმით, პროექტით 3 ავტოსადგომია გათვალისწინებული.  

კალაძის თქმით, პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ბილიკი იქნება - მთავარი ბილიკი, ველოსიპედების ბილიკი, სასეირნო ბილიკი, ბაღების ბილიკი, იაპონური ბაღის ქვის ბილიკი, მთის ბილიკები და მთის ველო ბილიკი. 

კომენტარები