დავითგარეჯის საქმე

"რუკა არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს" - რას ამბობდა ივერი მელაშვილი დაკავებამდე 2 დღით ადრე

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის თქმით, 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ის დაკავებამდე ორი დღით ადრე, TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.

"ეს რუკა ჩვენმა ექსპერტებმა ნახეს, მოიძიეს ერთერთ ორგანიზაციაში, თავიდან გაგვიხარდა, მაგრამ ისე, როგორც ყველაფერს, ამ რუკასაც ჩაუტარდა ანალიზი. თუ შევადარებთ ამ რუკას სხვა წლების გამოცემებს, დავინახავთ, რომ ერთი და იგივე რუკის ელემენტი, სიტყვაზე გეოდეზიური პუნქტი, რკინიგზა, კვეთა, ხევი, ხრამი, მდინარე არ ემთხვევა, ანუ ცდომილება არის დაახლოებით 240-300 მეტრი. ეს ვერ გამოდგებოდა საზღვრის შესათანხმებლად, არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს. მეორე მხარისთვის ამის არგუმენტად წარდგენა არ შეიძლებოდა, მეორე მხარეც მარტივად ჩაატარებდა ექსპერტიზას და აღმოვჩნდებოდით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში". – თქვა ივერი მელაშვილმა პოლიტიკის ფორმულაში.

მას სურს, რომ გამოძიება მალე დასრულდეს და "გაირკვეს მტყუანი და მართალი". იქამდე კი, ივერი მელაშვილი ყველას სთხოვს, ნუ ეცდებიან თემით ანგაჟირებას და ვიღაცის მოღალატედ გამოცხადებას.

"პირველ რიგში ქართველი ვარ, მერე ვარ საგარეოს თანამშრომელი, ექსპერტი ან რაღაცა, მე მაქვს ჩემი სიამაყე, ღირსება, არავის მივცემ ამის შებღალვის უფლება, რადაც არ უნდა დაჯდეს ეს. უღირსი ბრალდება არ შეიძლება ვინმეს შერჩეს, არ შეიძლება ასეთი ბრალდების ასე გაჟღერება. არ ვაცადოთ გამოძიებას და ისე მლანძღონ? ნურას უკაცრავად, არავის ამის საშუალებას არ მივცემ, გინდა ერი იყოს, გინდა სასულიერო პირი, ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს". – ამბობდა ივერი მელაშვილი ორი დღის წინ.

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დღეს, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა.

კომენტარები