დავითგარეჯის საქმე

საპატრიარქო კიდევ ერთხელ უწოდებს დაკავებულთა ქმედებას მოღალატეობრივს

0 კომენტარი

"სხვა ვერაფერს ვერ ვუწოდებთ, გარდა მოღალატეობრივისა ასეთ ქმედებას". – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილისა და წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"კომისიამ დადო თავისი ოქმები, სავარაუდოდ, გასავლელი საზღვარი დააფიქსირა და აზერბაიჯანის მხარემ დაიწყო კომისიის მიერ მიღებული აი, ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად ქმედება და დადგნენ იქ, სადაც ვარაუდობდა კომისია ამას.

საუბარი იმაზე, რომ შეცდომაში შევიდნენ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენი მონასტრები რჩება საზღვრის იქითკენ, ამიტომ სხვა ვერაფერს ვერ ვუწოდებთ, გარდა მოღალატეობრივისა, აი, ასეთ ქმედებას". – თქვა ჯაღმაიძემ. 

პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი და სპეციალურ სამთავრობო კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი - ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დღეს, 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად "უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება" ედებათ. პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები