დავითგარეჯის საქმე

ადვოკატმა ივერი მელაშვილის აღკვეთის ღონისძიება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

0 კომენტარი

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა,  ედუარდ მარიკაშვილმა მელაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა​. ინფორმაციას იურისტი გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს.

მშვენიერაძის განმარტებით, სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითება არცერთ კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დაარწმუნებდა:

  • ა) ივერი მელაშვილი თავს აარიდებდა სასამართლოში გამოცხადებას;
  • ბ) რომ ის არ ჩაიდენდა ახალ დანაშაულს (აღიკვეთოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობა);
  • გ) ვერ აღსრულდებოდა განაჩენი;

"სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მხრიდან მიმალვის და თავისუფლების პირობებში, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციიის განადგურების რისკფაქტორები გამოკვეთილია, თუმცა არ უთითებს არცერთ კონკრეტულ ფაქტზე, მტკიცებულებაზე, რასაც საკუთარ მსჯელობას აყრდნობს. მხოლოდ ბლა-ბლა". – წერს მშვენიერაძე.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები