შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება მთავარი არხის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ რეგიონებში იმყოფებიან.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას". - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 23 ოქტომბერს, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს-სა და სუს-ის თანამშრომლები, ქართული ოცნების დავალებითა და წინასაარჩევნო მობილიზების მიზნით, რეგიონებში იმყოფებიან. ტელეკომპანიამ გაავრცელა სატელეფონო ზარი, სადაც შსს-ს თანამშრომელს მთავარი არხის ჟურნალისტი ქართული ოცნების წარმომადგენლად ეცნობა და ეკითხება, თუ ჩავიდა უკვე რეგიონში, რაზეც ის პასუხობს: "აქეთ ვარ, ნორმალური სიტუაციაა, მთლად ძალიან სახარბიელო არა, თუმცა კონტროლს ექვემდებარება და მაქსიმალურად ვიყენებთ რესურსს".