ეუთოს მინსკის ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს 29 ოქტომბერს ჟენევაში განიხილავს

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც მათ 24 ოქტომბერს ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ასევე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, სტივენ ბეიგანთან.

განცხადების მიხედვით, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მხარეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები 10 ოქტომბერს მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციისათვის. 

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის განხილვას 29 ოქტომბერს ჟენევაში გააგრძელებენ:

"ინტენსიური დისკუსიების დროს თანათავმჯდომარეებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა 10 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე განიხილეს ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციის საკითხი, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის შესაძლებლობები და პრობლემის ყოვლისმომცველი გადაწყვეტის გზის ძირითადი ელემენტები.

თანათავმჯდომარეები და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ კვლავ გამართავენ შეხვედრას ჟენევაში 29 ოქტომბერს, რათა განიხილონ, შეთანხმებას მიაღწიონ და დაიწყონ შეთანხმებული ვადების მიხედვით ყველა იმ ნაბიჯის იმპლემენტაცია, რაც საჭიროა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ აღიარებული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით". – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე შევა.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

კომენტარები