არჩევნები 2020

საპარლამენტო მანდატებზე გირჩიც უარს ამბობს, ჯაფარიძე მე-2 ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს, ლელოს, ლეიბორისტული პარტიის, მოქალაქეებისა და პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე გირჩიც უარს ამბობს. პარტია არც დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დაგეგმილ მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მათი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების დეპუტატ გია ვოლსკის უნდა დაპირისპირებოდა. 

"ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ხელისუფლებას ამოწურული აქვს რესურსი ბოლომდე იმისა, რომ ამ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეცვალოს, ამიტომ, ჩვენ თვეების განმავლობაში ვთანამშრომლობდით ოპოზიციურ პარტიებთან, რომ მიგვეღწია კონკრეტული შეთანხმებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. 

ჩვენ გვინდოდა პარლამენტში შესვლა იმისათვის, რომ ეს რაღაცები გაგვეკეთებინა. ჩვენ ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გირჩისთვის პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო სტატუსის მიღება, ასევე ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებებზე, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, გირჩიც უერთდება ამ ბოიკოტს". – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე. 

როგორც პარტიის ლიდერმა თქვა, პარლამენტში შესვლის ბოიკოტირების ფარგლებში, ის მეორე ტურში მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავს. 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები უნდა გამართულიყოთუმცა, ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. 

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები