არჩევნები 2020

ენმ-ძალა ერთობაშია არც პარლამენტში შედის და არც მეორე ტურებში მიიღებს მონაწილეობას

ტაბულა

ევროპული საქართველოს, ლელოს, ლეიბორისტული პარტიის, გირჩის, მოქალაქეებისა და პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიაც უარს ამბობს. ბლოკი არც მეორე ტურებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 11 ოლქში უნდა დაპირისპირებოდნენ ქართული ოცნების კანდიდატს. ისინი არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ. 

პარტია არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. 

"31 ოქტომბერს ქვეყანაში არ ჩატარდა არჩევნები. ქვეყანაში არ იყო ნიშანწყალიც კი ჩატარებული არჩევნებისა. რა თქმა უნდა, ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს.

არავის იქ არ გვესაქმება არაფერი და ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი: ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და ეს ყველაფერი იქნება მიღწეული უახლოეს მომავალში". – თქვა ბლოკის ლიდერმა, ნიკა მელიამ. 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები უნდა გამართულიყოთუმცა, ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. 

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ. თუმცა, შევლენ თუ არა პარლამენტში, ამაზე შიდაპარტიული დისკუსიები ამ დრომდე გრძელდება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები