მაიკ პომპეოს ვიზიტი

მაიკ პომპეოს და პატრიარქის შეხვედრის თემა რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერა იყო - საელჩო

0 კომენტარი
მაიკ პომპეო და ილია მეორე

აშშ-ს საელჩო სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით."

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. 18 ნოემბერს მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. ის ასევე შეხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 6 იანვარს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის შექმნასა და მიტროპოლიტ ეპიფანესთვის ტომოსის გადაცემას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებით გამოეხმაურა და მას "ისტორიული მომენტი" უწოდა.

პომპეო უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას დიდი აქტიურობით, პროცესის სხვადასხვა ეტაპზე უჭერდა მხარს.

რუსეთის საპატრიარქომ, რომელმაც მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა, სპიკერის პირით განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს თავისი პოლიტიკის გასატარებლად იყენებს.

გასულ თვეს საბერძნეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე პომპეომ თქვა, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებას ცდილობს.

მაიკ პომპეო საქართველოს საპატრიარქოში ვიზიტამდე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დედა ეკლესიაში - მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ უღიარებია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს უკვე მოიხსენიებენ ალექსანდრიისა და კვიპროსის ეკლესიებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები