ეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 715.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 72.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით გაიზარდა და 1 956.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი (405.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (320.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (254.1 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია  წარმოდგენილი 618.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 197.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 162.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%)

კომენტარები